„როგორც გადაწყვეტს ვანო მერაბიშვილი, ისე იქნება“-  ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტების კითხვას, ვანო მერაბიშვილი იქნება თუ არა 20 თებერვლის აქციაზე.

„ყველა ადამიანი თავისუფალია. ყველა პასუხს ვაგებთ ჩვენს ნაბიჯებზე და პასუხისმგებლები ვართ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ვართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგითი წევრები, წვლილი გვაქვს შეტანილი პარტიის განვითარებაში. ახლა პარტიას ჰყავს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, რომელიც მმართავს პარტიას. ამ პარტიას ხმა მისცა გაყალბებულ არჩევნებში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა. მათ შორის ყველა ის ადამიანი, რომელიც მხარს უჭერს „ნაციონალურ მოძრაობას" “, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ჟურნალისტებმა დიმიტრი შაშკინს კითხვა დაუსვეს პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით, კერძოდ, აფინანსებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით კეზერაშვილი, რასაც შაშკინმა უპასუხა:

„ამ ქვეყანას ათი წლის განმავლობაში მართავს „ქართული ოცნება“. მეთანხმებით, რომ „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი ყველაფერზე, რაც ხდება ამ ქვეყანაში? თქვენ ახლა მისვამთ შეკითხვას, თქვენ უშვებთ, რომ ვიღაც არალეგალურად აფინანსებს პარტიას და „ქართულმა ოცნებამ“ ამის შესახებ არაფერი იცის? თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ „ქართულ ოცნებას“. არის ფინანსური პოლიცია, არის სახელმწიფო აუდიტი. თუ გაქვთ ასეთი ინფორმაცია, გთხოვთ მიაწოდოთ ისინი. ძალიან გახარებული იქნებიან, რომ პრობლემები შეუქმნან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ცნობისათვის: 20 თებერვალს, მსოფლიოს 10 ქვეყანაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი, მორიგი გლობალური აქცია გაიმართება.  ინფორმაციას რუსი უფლებადამცველი და წამყვანი მარკ ფეიგინი ავრცელებს.

აქციები გაიმართება: ათენში, მადრიდში, ბერლინში, კიშინიოვში, სტოკჰოლმში, ვარშავაში, თელავივში, რიგაში, ვაშინგტონსა და პრაღაში.

6 თებერვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლომ უარი თქვა.