საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" ხელმძღვანელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე 9 აპრილის თარიღს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველო ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება და საკუთარ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არავის დაუთმობს .

„1989 წლის 9 აპრილი, საქართველოს უახლეს ისტორიაში, საზოგადოების ბრძოლისუნარიანობის სამაგალითო თარიღია. სიცოცხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობა ერის მაღალ ღირსებაზე მეტყველებს. მაშინ მყარად ითქვა, რომ საქართველო ვერავისზე დამოკიდებული ვერ იქნება და საკუთარ ენას, მამულსა და სარწმუნოებას არავის დაუთმობს.

ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა წარსულშიც მუდმივად უწევდა საქართველოს და დღესაც უწევს. ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა ერის მოთხოვნა , რომ ერთზე დამოკიდებულება მეორით შეცვლილიყო. აქციების ისტორიას თუ გადავხედავთ, თბილისის ცენტრში, მთავარ პოლიტიკურ მოედანზე, მუდმივად დამოუკიდებლობის მოთხოვნა ისმოდა. ერთადერთი გამონაკლისია დღეს, როცა მცირე ნაწილი საზოგადოებისა, უკვე მერამდენე დღეა, ჯიუტად, საქართველოს დამოკიდებულებას ითხოვს. 9 აპრილის მონაპოვარი ვერასოდეს ვერავისზე ვერ დაითმობა! ქვეყნის დამოუკიდებლობა შესანარჩუნებელია, სუვერენიტეტი კი გასაძლიერებელი. სწორედ ამით იქნება მაშინდელი დაღვრილი სისხლი დაფასებული,“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.