„დღეს „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა გავმართეთ კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობისა და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერებთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. გვინდა, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შეხვედრაზე მიღებული იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები: უახლოეს დღეებში გაიმართება როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტის საკომიტეტო და პლენარული განხილვები, რის შემდეგაც, პირველი მოსმენით, მხარს დავუჭერთ ორივე კანონპროექტს. - ამის შესახებ "ახალი ძალის" წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
"პირველი მოსმენით მიღებამდე, კანონპროექტის ქართულ ვარიანტში, შევა რამდენიმე ტექნიკური შესწორება, რომლითაც დაზუსტდება უცხოური გავლენის აგენტთა წრე. მაგ., კანონი არ გავრცელდება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებზე და სხვა. პირველი მოსმენით მიღებისთანავე, როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ამასთან, გამომდინარე იქიდან, რომ კანონი სამი მოსმენით, მიმდინარე სესიის ბოლომდე გვინდა მივიღოთ, ვენეციის კომისიისგან მოვითხოვთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარმოდგენას.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ივნისის ბოლომდე, მხარს დავუჭერთ და სამი მოსმენით მივიღებთ კანონპროექტის ქართულ ან ამერიკულ ვერსიას. „ქართული ოცნების“ ლიდერები სრულად იზიარებენ მოსაზრებას, რომ უცხოური გავლენის აგენტების დაფინანსების გამჭვირვალობა არის აუცილებელი პირობა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისა და დემოკრატიული სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის. დარწმუნებული ვართ, ჩვენი ინიციატივა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში როგორც მშვიდობისა და პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში, ისე - ე.წ. პოლარიზაციის შემცირებაში“." - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.