„ვფიქრობ, რომ კომპრომისული ვარიანტი იქნება თუკი დელეგატებს მივცემთ ზეპირსიტყვიერი კითხვის დასმის საშუალებას, შეზღუდვის გარეშე,“ - განაცხადა „პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების განხილვისას.

დიმიტრი ხუნდაძის საპასუხოდ საკითხის მომხსენებელმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან "ხალხის ძალას" აქვს გარკვეული მოსაზრებები, ამიტომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას დღეს კენჭი ეყაროს 149-ე მუხლის გარეშე და მესამე მოსმენამდე კიდევ გაიმართოს მსჯელობა ამ საკითხზე. ამდენად, დეპუტატებს ამ საკითხზე სამსჯელოდ ორი კვირა ექნებათ.

„პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალას“ გვქონდა პოზიცია, რომ დაგვეხვეწა „მინისტრის საათი“, რამეთუ ეს იყო კომუნიკაციის კარგი საშუალება და ინსტრუმენტი დეპუტატსა და მინისტრს შორის, ასევე ამომრჩევლის არაპირდაპირი საშუალება, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე, რომელსაც დასვამდა კითხვის სახით დეპუტატი, პასუხები მოესმინა მინისტრისგან.

კარგია და მადლობლები ვართ, რომ მინისტრებისთვის ზეპირი კითხვის დასმის საშუალება გაჩნდა და არ არის მხოლოდ წერილობითი კითხვები, რასაც ინტერპელაცია აქამდე ითვალისწინებდა. ასევე კარგია, რომ გაიზარდა ინტერპელაციების რაოდენობა, ანუ ბევრი ინტერპელაცია იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ საჭირო კითხვები იმ რაოდენობით დაისვას და გაეცეს პასუხი, რაც საჭიროა.

ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უფრო მეტად უნდა დავხვეწოთ და გვაქვს შემოთავაზება, რომ დავზოგოთ დრო და საშუალება იყოს ჩვენსა და მინისტრებს შორის კომუნიკაციის, ასევე ამომრჩეველსაც ჰქონდეს არაპირდაპირი კომუნიკაციის საშუალება იმ გზით, რომ დელეგატ დეპუტატებს მივცეთ ზეპირსიტყვიერი კითხვის დასმის საშუალება ულიმიტოდ იმიტომ, რომ დელეგატ დეპუტატებს აქვთ უფრო მეტი ვალდებულებაც, პასუხისმგებლობაც და შესაბამისად აქვთ უფრო მეტი კითხვა, ვიდრე ჩვეულებრივ დეპუტატს. თუმცა, შეიძლება ჩვეულებრივ დეპუტატსაც ჰქონდეს კითხვა და შესაძლოა მან გამოიყენოს დელეგატი დეპუტატის კითხვის დასმის შეუზღუდავი უფლება და არაპირდაპირი გზით დასვას კითხვა, რომელიც ეხება აქტუალურ საკითხს. დელეგატების საპასუხისმგებლო არეალი გაიზარდა - ზოგთან შედის ორი მუნიციპალიტეტი, ზოგთან სამი და ოთხიც კი, ანუ ამომრჩეველთა რაოდენობაც გაზრდილია. შესაბამისად, არეალი დიდია, კითხვებიც მეტია და პასუხიც მეტია საჭირო ბევრ კითხვასთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ორი ზეპირსიტყვიერი კითხვა დელეგატის უფლებამოსილების ამოწურვისათვის არ არის საკმარისი. მაგალითად, მე, ოთხი მუნიციპალიტეტიდან, უნდა შემეძლოს მხოლოდ ორი ზეპირი კითხვის დასმა? ვიცი, თქვენგან ავტომატურად გაჩნდება არგუმენტი თუ რატომ არ შეიძლება წერილობითი კითხვები ჰქონდეს დელეგატ დეპუტატს.

მე ვფიქრობ, არსებობს ისეთი კითხვები, რაშიც ნაკლები დრო შეიძლება იქნას დახარჯული და ზედმეტი ბიუროკრატია არ იყოს შემზღუდავი იმ კითხვების დასმისთვის, რაც არის მნიშვნელოვანი და რაც აინტერესებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამომრჩეველსაც. წერილობით როცა გავაგზავნი მე კითხვას და მივიღებ პასუხს - ეს არ არის საკმარისი. შეიძლება ეს საკმარისი იყოს ჩემი, როგორც დეპუტატის და მინისტრის კომუნიკაციისთვის, მაგრამ ამომრჩევლისთვის ეს წერილობითი მიწერ-მოწერა ჩვენ შორის, საკმარისი არ არის იმიტომ, რომ ის ყურადღებით უსმენს, თუ როგორ გააჟღერებს მისი დელეგატი დეპუტატი კითხვას და რა პასუხს გასცემს მას მინისტრი. ეს კომუნიკაცია არ უნდა მოვშალოთ. მე ვფიქრობ, რომ კომპრომისული ვარიანტი იქნება, თუკი დელეგატებს მივცემთ ზეპირსიტყვიერი კითხვის დასმის საშუალებას, შეზღუდვის გარეშე,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.