„სამხედრო ბაზა უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება. საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი არის NATO-ში გაწევრიანება და არა მხოლოდ ღია კარში დგომა.“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„ის ტყუილი ნარატივი, რომ უკრაინაში ომის დაწყებამდე ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებაზე იყო საუბარი, სახიფათოა. თვით ამერიკელებმა შეამჩნიეს, რომ ოპოზიციის მიერ ნასროლი ეს ტყუილი იყო ცეცხლთან თამაში და ამიტომ, უსწრაფესად გააკეთა ჯერ ამერიკის საელჩომ განცხადება, რომ  მსგავსი რამ არ ყოფილა და შემდეგ ეს კიდევ სახელმწიფო დეპარტამენტმა გადააზღვია. ასეთი სახიფათო თამაშები საკუთარი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად არ ღირს. თუ ქვეყანა გტკივა და გაწუხებს, უნდა იცოდე, რომ ასეთი თამაშები და ტყუილები მაღალი რისკის შემცველია.

ნახეთ, რისკი სად არის: თუკი ომამდე აშშ-მა მართლა შესთავაზა უკრაინას სამხედრო ბაზების განთავსება, გამოდის, რომ საქართველოშიც ემზადებოდნენ ომისთვის, ხომ? მაშინ გამოდის, რომ რუსეთის მიერ განხორციელებული საოკუპაციო გეგმის ხელშემწყობი დასავლეთიც ყოფილა. ეს ნარატივი არასწორი და  სახიფათოა. ახლა ჩვენი მხრიდან შევხედოთ: ოპონენტების განცხადებები მოვისმინე, რომლებიც ამბობდნენ, თუკი აშშ საქართველოში სამხედრო ბაზებს განათავსებს, ეს ქვეყნის დაცვის მექანიზმი იქნებაო. მინდა გითხრათ, რომ  სამხედრო ბაზა უსაფრთხოების გარანტი ვერ იქნება. საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტი არის NATO-ში გაწევრიანება და არა მხოლოდ ღია კარში დგომა (ეს კიდევ თავის რისკებს შეიცავს). ამის გარეშე, თუნდაც ამერიკული ბაზის განთავსება, იქნება მხოლოდ წითელი ნაჭრის აფრიალება, რასაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის არასასურველი შედეგი მოჰყვება. ამიტომ უსაფრთხოებას ვხედავთ NATO-ში გაწევრიანებაში და არა იმაში, რომ სადღაც ამერიკული შეიარაღების წერტილები გავაჩინოთ და მერე დაველოდოთ, რა რეაქცია ექნება ამაზე რუსეთს. თან ყველამ ვიცით რა რეაქციაც ექნება. ამასთან, ამაზე პასუხისმგებლობას არავინ აიღებს და მერე შეიძლება თქვან, რომ შეეშალათ. ჩვენ კი შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ გამორჩეული რისკების ქვეყანა ვართ, რომელიც არის ოკუპირებული და მეტი ჭკუაა აქ საჭირო, ვიდრე - სადმე.“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გუშინ, საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდის წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძეზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს საქართველოში ჩამოსულ შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანს უარი უთხრა ქვეყანაში ამერიკული სამხედრო ბაზის გახსნაზე.

მოგვიანებით საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა არ შეუთავაზებია