პოლიტიკური პროვინციალიზმია ის, რასაც დღეს ქართული ოპოზიცია სჩადის - ეკეკლუცება უცხოეთს და ვერ ბედავს მაკრონის მსგავსად ღიად თქმას: „უნდა გაუძლო ზეწოლას და არ გახდე ამერიკის მიმდევარი“, ანუ, არ ჩაერთო სხვის ომში, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს.
დიმიტრი ხუნდაძე გავრცელებულ განცხადებაში განიხილავს ოპოზიციის მხრიდან დასავლეთიდან წამოსული დირექტივების უსიტყვო მორჩილებას, რომელსაც ღირსებასთან და სუვერენიტეტთან საერთო არაფერი აქვს.
„პარტნიორობა სხვა არის და უსიტყვო მორჩილება - სხვა. პარტნიორობა ეფუძნება ურთიერთშეთანხმებას და მხარეებისთვის რისკების დაზღვევას. ჩვენს შემთხვევაში კი პირიქითაა, დასავლეთიდან მიღებული ბოლოდროინდელი დირექტივები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს ზრდის. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ეს ყველაფერი ოპოზიციისა და მათი დამკვეთის ინტერესებში თანაბრად შედის, კიდევ უფრო საშიში სურათი იკვეთება.
ის, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და არა აქვს უფლება, საფრანგეთის პრეზიდენტის მსგავსად, თამამი განცხადებები აკეთოს, ეს მხოლოდ პოლიტიკური პროვინციალიზმია და ამ პროვინციალიზმში სურს ოპოზიციას აცხოვროს ჩვენი მოსახლეობა.
ჩვენ კი მოვუწოდებთ ხალხს - სახელმწიფოებრიობისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვიბრძოლეთ და ხმამაღალი სიტყვის უფლებაც მოვიპოვეთ.
ევროპის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ: „ნუ გვაძალებთ სხვის ომში ჩართვას, ეს გაანადგურებს ჩვენს ქვეყანას; ნუ ახდენთ ზეწოლას ჩვენზე, რათა თქვენი ინტერესების გათვალისწინებით მართოთ ჩვენი ქვეყანა“.
ევროპა გამოდის ამ ზეწოლიდან, მსოფლიო პოლიტიკა სხვაგვარად ვითარდება და დროა, ჩვენც თამამი ნაბიჯები გადავდგათ“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.