„ყველაფრის მკადრებელი“ უწოდა  „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, მაშინ, როცა ქოლ-ცენტრების ტრანსნაციონალური დანაშაულის საქმესთან მის კავშირზე ისაუბრა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ისეთი ადამიანების დრო, რომლებიც ყველაფრის მკადრებლები არიან და ეს გამოჩნდა კეზერაშვილის შემთხვევაში, რომელმაც საკუთარი ჯარი გაძარცვა, უნდა დასრულდეს.

„ევროპელი პენსიონერების მძარცველი, რომელიც ქურდად ჯერ კიდევ საქართველოში ჩამოყალიბდა, როდესაც გაძარცვა საკუთარი ჯარი, რა თქმა უნდა, ყველაფრის მკადრებელია.

ყველაფრის მკადრებლების დრო უნდა დასრულდეს და მათი განაჩენიც უნდა დადგეს. გარდა იმისა, რომ 26 ოქტომბერს საზოგადოება მათ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს, „ქართული ოცნება“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობაში მოვა, მათ სამართლებრივ განაჩენსაც დაახვედრებს აუცილებლად“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით,  "შპს ,,მორგან ლიმიტედის“ სახელით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა, რომელიც გატარებული ღონისძიების ფარგლებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია, ევროპელი მოსახლეობისგან თანხების თაღლითურად დაუფლების პერიოდში ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, კეზერაშვილის დის და კეზერაშვილის დის შვილის საბანკო ანგარიშებზე".