"ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტზე დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ დღეს, საქართველოს მიმართ გაზრდილი ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყანა გლობალური საფრთხის წინაშე დგება ყველა მიმართულებით, ეს იქნება ჩრდილო-დასავლეთი თუ სამხრეთ-აღმოსავლეთი.
„ოპოზიცია ცდილობს, რომ ამ თემაზე აპელირებით კიდევ ერთი ტყუილი შესთავაზოს ხალხს, მაგრამ საბედნიეროდ, ხალხი აღარ იკვებება მათი ტყუილებით. დარწმუნებული ვარ, საზოგადოებამ ისევე მიიღო ეს თემა, როგორც მივაწოდეთ.
კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ რამ გამოიწვია ამ კანონპროექტის წარდგენის აუცილებლობა:
დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება და მსოფლიოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება ყველა პოლიტიკური პოლუსიდან. ეს რამდენადაც კარგია, იმდენად გლობალური საფრთხის შემცველია ჩვენთვის.
ყველამ კარგად ვიცით, რომ გავლენის მოსაპოვებლად სულაც არ არის საჭირო საომარი ქმედება, ჰიბრიდული ომიც კი საუკეთესო გზაა ამის განსახორციელებლად. ამის მაგალითი დღეს გვაქვს რუსეთის და თქვენ წარმოიდგინეთ, ნაწილობრივ, დასავლეთის სახითაც.
ხვალ რომ ეს წრე არ გაფარდოვდეს და მსოფლიოს ახალი ძლიერი სახელმწიფოების გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ, აუცილებელია ქვეყნის უსაფრთხოების ზომების მიღება. ამ მხრივ, ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ამერიკის გამოცდილება. ახალი კანონპროექტიც სწორედ ამ სახელმწიფოს პრაქტიკას ეფუძნება, რომელიც თავსებადია დემოკრატიულ პრინციპებთან.
ვისაც საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვა აშინებს, ესე იგი, ის თავად წარმოადგენს საფრთხეს“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე.