„ხალხის ძალაზე“ ბევრად უარესს კობახიძე ლაპარაკობს - მერე დადგება მისი საძმაკაცო და აბსურდის გამართლებას ცდილობენ - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ირაკლი კობახიძე ხომ არ არის კომენტატორი, ფრონტიდან მოგვაწოდოს ცხელ-ცხელი ამბები. ის არის პოლიტიკოსი, მის ყველა განცხადებას პოლიტიკური განზომილება აქვს. როგორც პოლიტიკური განზომილება, მისი განცხადება აღქმული იქნა, როგორც რუსეთის გულშემატკივრობა. მის თავში რა უბედურება ტრიალებს, ძნელი სათქმელია.

კობახიძის ყველა განცხადება არის რუსეთისთვის მაამებელი. დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ, ვერც ერთ პოლიტიკოსს, სახელმწიფო მოღვაწეს, ქვეყანას, რომელიც კობახიძის გამონათქვამს ნორმალურად აღიქვამდა. ყველა მისი გამონათქვამი და ფრაზა მოიაზრება ამ კონტექსტში - მოსწონს, მხოლოდ პუტინს და ლავროვს. არ ვიცი რუსეთში რა ქულებს იწერს, ამ ყველაფერს რისთვის აკეთებს, 2- ოთახიანი ბინა უნდა აჩუქონ როსტოვში თუ რისთვის აკეთებს მე არ ვიცი. ფაქტია, რომ კობახიძე ამ ფრონტზე ინტენსიურად მუშაობს.

9 კაცი, რომ გაიყვანეს - ტრიოთი რომ დაიწყეს, მერე კვარტეტი, შემდეგ სულ გააძლიერეს და ახლა ნონეტად, რომ აქციეს „ხალხის ძალა“ თუ რაღაცა რომ ჰქვია, მათზე ბევრად უარესებს ლაპარაკობს. მათ ფანტაზიაც, კი არ ჰყოფნით, ასე დაბეჯითებით რომ ილაპარაკონ რუსული იმპერიის ძლევამოსილებაზე, როგორც ამას კობახიძე აკეთებს. მერე დადგება მისი საძმაკაცო და აბსურდის გამართლებას ცდილობენ", - განაცხადა ხუხაშვილმა.