„ჩვენ ვართ იმ თაობების წარმომადგენლები, რომელთა მიერ (მათ შორის) დაშვებული შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, რადგან ვერ ვუბედავთ ჩვენს შვილებს ამ ურთულეს წლებზე სიმართლე ვუამბოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, ეროვნული მიზნების მისაღწევად საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ პლატფორმას - ვაშინგტონიდან ტოკიომდე.

 

„დანაღმულ ველზე წინსვლის მსგავსად შეგვიძლია ფრთხილად განვსაზღვროთ ის აქცენტები, რომლებმაც უნდა განაპირობონ ქვეყნის განვითარება უახლოეს 5-6 წელიწადში. არც მეტი ვთქვათ, ამ ეტაპზე, არც - ნაკლები;  არც მწვადი დავწვათ, არც - შამფური...

 

სოხუმის, ცხინვალისა და თბილისის თანაცხოვრება სამივესთვის მისაღებ სამართლებრივ ფორმატში - იყო, არის და იქნება ქვეყნის მოკლევადიან, და არა - გრძელვადიან გეგმებში;

 

მსოფლიოს ყველა ის გავლენიანი სუბიექტი, ვინც ქართველების (დამიჯერეთ - ასევე, ოსებისა და აფხაზების დიდი ნაწილის) ამ სანუკვარ ოცნებას დაგვაახლოებს, საქართველოს მეგობარიც იქნება და სტრატეგიული პარტნიორიც - ამ კუთხით შესაძლებლობების ფანჯარა ყველას აქვს გახსნილი;

 

ჩვენ ვართ იმ თაობების წარმომადგენლები, რომელთა მიერ (მათ შორის) დაშვებული შეცდომები ჩვენვე უნდა გამოვასწოროთ, რადგან ვერ ვუბედავთ ჩვენს შვილებს ამ ურთულეს წლებზე სიმართლე ვუამბოთ ისტორიის სახელმძღვანელოებში;

 

ჩვენი ეროვნული მიზნის მისაღწევად საქართველო გამოიყენებს ყველა არსებულ პლატფორმას - ვაშინგტონიდან ტოკიომდე, მაგრამ, ამ გამოყენებას არც ჩვენთვის დამახასიათებელ, ტრადიციულ მოუთმენლობასა და არც სუბიექტურ მიუღებლობას ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს;

 

საქართველოს ორგზის (1783 და 1920 წ.წ.) უკვე ჰქონდა რუსეთთან tet-a-tet მნიშვნელოვანი ურთიერთობების დამყარების წარუმატებელი მცდელობა. გვეყო, აღარ ვიჩქაროთ. ძლიერი და გავლენიანი შუამავლის მონაწილეობით „დავიჯავშნოთ“ ჩვენი წარმატებული მომავალი!

 

ვისაც საქართველოს ეს პერსპექტივა გაშინებთ - დაგინახეთ! „სტუკა-სტუკა“ - გამოდით! Game over“, - წერს დავით ქართველიშვილი.