ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენი განვითარების ამ ეტაპზე, ჩვენს სტრატეგიას განაპირობებს ორი ძირითადი ფაქტორი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით - ეს არის ჩვენ9ი უნიკალური გეო-ეკონომიკური მდებარეობა და ჩვენი პრაგმატული ხელისუფლების დაბალანსებული და მულტივექტორული პოლიტიკა საგარეო მიმართულებით, - ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "დებატებში" "ხალხის ძალის" წევრმა, დავით ქართველიშვილმა ისაუბრა.

"ჩვენზე არის დამოკიდებული ძალიან ბევრი საერთაშორისო აქტორის, ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ელემენტარული მატერიალური ფინანსური ინტერესები, რაც მთელ რიგ საერთაშორისო პროექტებთან არის დაკავშირებული. ისე მოხდა, რომ ჩვენს ჩრდილოეთით თუ სამხრეთით ის სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბები დღეს პარალიზებულია, დაკონსერვებულია: ჩრდილოეთით - სასანქციო პოლიტიკის გამო, სამხრეთით - მიმდინარე მძიმე მდგომარეობის გამო და ჩვენ, - ძალიან ბევრისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, საკუთარი თავისთვის, - ვინარჩუნებთ იმ მშვიდობას და სტაბილურობას, რის გამოც ამ ხელისუფლებას ხშირად დასცინიან ოპონენტები. პასუხისმგებლობის გრძნობით ვინარჩუნებთ ამ სტაბილურობის ოაზისს და უსაფრთხოების კუნძულს ძალიან ბევრი მოთამაშისთვის," - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.