დაახლოებით წელიწად-ნახევრის განმავლობაში საქართველომ, კერძოდ კი მისმა ხელისუფლებამ და ზოგადად გუნდმა გამოიარა ძალიან ბევრი ბარიერი, გადალახა ბევრი პრობლემა და საბოლოოდ „ქართული ოცნება“ აღმოჩნდა მართალი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ყველა პუნქტში, ყველა მიმართულებაში, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელი მოჰკიდა, არის ხელშესახები წარმატება. წელიწად-ნახევრის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მშვიდობის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, გამოიწვია ის, რომ არც ჭურვების წვიმა წამოვიდა, არც ომის ქარცეცხლმა გადაუარა საქართველოს. ეკონომიკური წინსვლა გვაქვს ძალიან ხელშესახები მასშტაბით. რამდენიმე დღეში კი ჩვენ ველოდებით გასულ წელს დაუმსახურებლად არმიცემული კანდიდატის სტატუსის დამსახურებულად მონიჭებას. ამ მოცემულობაში „ქართული ოცნების“ ნდობა კიდევ უფრო გაზრდილია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.