მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დაზიანების მცდელობა, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა:
"საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ, საკუთარი ქვეყნის დაზიანების მცდელობა, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც მთელმა საზოგადოებამ იხილა. ახალ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ჭრილში ხდება ბრალდების გამყარება სასამართლო პროცესზე. ბუნებრივია, რომ ყველა მსგავს მცდელობას ადეკვატური პასუხი გაეცეს,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.
შეგახსენებთ,თბილისის საქალაქო სასამართლოში, საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმის განხილვა მიმდინარეობს.
მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა იმართება.
დღევანდელ პროცესზე, მხარეები შესავალ სიტყვებს წარმოთქვამენ, ამასთან იმსჯელებენ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. ამ საქმეში ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, 30 000 ლარიანი, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კი, 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.




