„ქართული ოცნების“ ამბიცია, საკონსტიტუციო უმრავლესობით, 113 მანდატით მოვიდეს ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად რეალური, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან მაღალი რეიტინგი და მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიფინგზე სწორედ ამაზე ისაუბრა. „ქართული ოცნების“ ამბიცია, საკონსტიტუციო უმრავლესობით, 113 მანდატით მოვიდეს ხელისუფლებაში, არის აბსოლუტურად რეალური. ეს ემყარება იმ გათვლებს, სტატისტიკურ მონაცემებს, რომლებიც ჩვენივე კვლევებით და არა მხოლოდ ჩვენი კვლევებით დასტურდება. ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სრულიად რეალისტურია საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება. ეს სრულიად თავისუფლად არის შესაძლებელი. ამას აქვს თავისი საფუძველი - ჩვენმა გუნდმა ძალიან მძიმე ვითარებაში, როდესაც გეოპოლიტიკური კუთხით წარმოუდგენლად რთული ვითარება იყო, შეძლო ქვეყანა სამშვიდობოს გაეყვანა, მაღალი ეკონომიკური ზრდა ყოფილიყო, მშვიდობის პირობებში ქვეყანა ევროკავშირთან ღირსებით და ღირსეულად მაქსიმალურად დაკავშირებულიყო და კანდიდატის სტატუსი მიეღო - ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმისა, თუ რა გვაძლევს ამ ამბიციური გეგმის დასახვისა და მიღწევის საშუალებას. მეორე მოცემულობას წარმოადგენს აბსოლუტურად განულებული, ურეიტინგო ოპოზიცია, რომელმაც მთელი თავისი კამპანია ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ააგო იმაზე, თითქოს „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპისკენ არ წასულიყო. აბსოლუტურად საწინააღმდეგო მივიღეთ და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს. ეს არგუმენტები და ფაქტები ქმნის სრულიად რეალისტურ სურათს, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 113 და მეტი მანდატი ავიღოთ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.