ყველამ თავისი როლი შეასრულა დესტრუქციული პარტიის დაშლაში, სააკაშვილიდან დაწყებული, ხაბეიშვილით დასრულებული - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესების შეფასებისას განაცხადა და განმარტა, რომ პარტია სრულ დემონტაჟს განიცდის.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ უმძიმეს კრიზისშია.

„ყოველდღიურად იმ რაოდენობის წევრები ტოვებენ „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ასე თუ გაგრძელდა, 2024 წლის არჩევნებისთვის შეიძლება არავინ დარჩეს ამ პარტიაში. პარტია განიცდის უმძიმეს კრიზისს, რომელიც ამ პარტიის, როგორც აქტიური პოლიტიკური ერთეულის გაქრობით დასრულდება. ეს არის უეჭველი და გარდაუვალი პროცესი. ეს პარტია დაიშლება რამდენიმე შემადგენელ ნაწილად, რომელსაც, სავსებით შესაძლებელია, დაუდგეს რეალობა, რომ 5%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახოს საარჩევნოდ. „ნაციონალურ მოძრაობას“ მთელი წლების განმავლობაში დაგროვილი დესტრუქცია, რომელიც ქვეყნის მიმართ სურდათ, ასე მოუბრუნდათ. ყველამ თავისი როლი შეასრულა დესტრუქციული პარტიის დაშლაში, სააკაშვილიდან დაწყებული, ხაბეიშვილით დასრულებული. კეზერაშვილებმა და მერაბიშვილებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს. კოკასა შიგან რაცა დევს, იგივე გადმოდინდების. შეუძლებელია, ამ მრუდე და შავ სიტუაციაში, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიაა, რაიმე კარგი და პოზიტიური გამოვიდეს. ამიტომ ეს იყო ის გარდაუვალი პროცესი, რომელიც, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად დაიწყებოდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საკუთარი ქმედებით, ქცევით პროცესს აჩქარებენ და ამაში ცუდი არაფერია“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.