როდესაც ვინმე დაიწყებს ლაპარაკს, რომ „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მოსწონს, ან არ მოსწონს, ჟურნალისტებს ჰქონდეთ ხოლმე პატარა საგამოცდო ბილეთი, ამოაღებინონ და ჰკითხონ, წაუკითხავს თუ არა ერთხელ მაინც ეს კანონი, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, დაჩი ცაგურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„როგორც შეიძლება, მოგწონდეს, ან არ მოგწონდეს ის, რაც არ წაგიკითხავს და არ იცი, რა არის? არ ვიცი, წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ვგმობ, არის სიგიჟე. სამწუხაროდ, ეს სერიოზული პრობლემა იყო ერთი პერიოდი, მაგრამ ნელ-ნელა სწორდება. წელს რომ ვუყურებ, შარშანდელთან შედარებით, აბსოლუტურად სხვა რეაქციებია ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ, შეურაცხმყოფელია ასეთი დამოკიდებულება – შენ არც კი დაგელაპარაკები ამაზე, ეს არც კი უნდა განვიხილოთ, რუსულია და ამაზე არც კი შემოვალ დისკუსიაში, არ ვილაპარაკებ, შენ აზრი არ უნდა გქონდეს, შენ ვინ გეკითხება, ვიღაცამ საიდანღაც გვითხრა, რომ ეს ცუდია და მორჩა, შენ საერთოდ რატომ გაქვს აზრი ამაზე და რატომ ლაპარაკობ. „ცხოველების ფერმაში“ მგონია თავი და 1984-ში. მაგ სიმაღლიდან გელაპარაკებიან, რომ შენ საერთოდ ვინ ხარ და რატომ გაქვს აზრი; გამოვიდა ვიღაც ბიუროკრატი სადღაც, თქვა, რომ ეს ცუდია და მორჩა, შენ უნდა დაივიწყო“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
მისი თქმით, ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დეკლარირებს, რომ მათ ძალიან კარგი მიზნები თუ ამოცანები აქვთ და გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პროექტები განახორციელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რა დაფინანსება მიიღეს ამისთვის და საიდან.
„კარგი, მჯერა ამის და კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კარგი ორგანიზაცია არსებობს და შეიძლება, ვიღაცასთან დიდი კითხვის ნიშნები არსებობდეს, თუმცა მოდით, ვთქვათ, რომ ყველა კარგია და რა პრობლემაა, რომ უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს იმ ადამიანების საქმიანობა და ფინანსები, რომლებიც ასეთ კარგ საქმეებს ემსახურებიან, რასაც დეკლარირებენ? იდოს ინფორმაცია სადღაც ამაზე და მეტმა ადამიანმა გაიგოს. აი, ხომ ემსახურებიან ადამიანის, თუ ცხოველების უფლებების დაცვას და იდოს ამაზე ყველგან, ვხედავდეთ. სიტყვაზე, მაკამ თუ დაჩის მისცა 1 000 ლარი, რათა მან საქართველოში ბეღურების ინტერესები დაიცვას, დაჩიმ გამოართვა ეს 1 000 ლარი და დახარჯა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი რომ იყოს საზოგადოებისთვის, ამაში რა პრობლემაა, რატომ იქცევა ქვეყანა და რატომ ვხდებით ჩრდილოეთ კორეაზე უარესი ქვეყანა, რატომ უნდა ვესროლოთ ერთმანეთს ბენზინის ბოთლები და რაღაც უბედურებები?“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
მისივე თქმით, საქართველოში ასობით მილიონი დოლარი თუ ევრო, უდიდესი თანხის ნაკადები შემოდის და ქართველმა ხალხმა არ იცის, ვინ ვის მისცა ეს ფული, რაში დაიხარჯა, როგორ და რატომ.
„ამ საზოგადოებამ არ დაიმსახურა ის, რომ ამის შესახებ იცოდეს? ეს კანონი აქ მაქვს, ზეპირად ვისწავლე უკვე და აქ არსად წერია, რომ რამე იზღუდება, ან ვინმეს რამე ეკრძალება. აბსოლუტური ტყუილია ის, რასაც ამდენი ხანია ვისმენთ, რომ იქ თურმე, შშმ პირებს ვეღარ დაეხმარებიან და ა.შ. დღეს საერთოდ საოცრება იყო ერთი უნიჭო მომღერლის ნათქვამი, რომელიც გამოდიოდა და ამტკიცებდა, რომ თურმე, ადამიანი უცხოეთში რომ იშრომებს, მერე თბილისში სახლს ვეღარ იყიდის, რადგან ეს კანონი აუკრძალავს ამას. სრული სიგიჟეები ვრცელდება, არადა, ეს არსად წერია ამ კანონში. უბრალოდ, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ვისაც რამდენ ფულს აძლევენ, კი ბატონო, აიღონ ეს ფული, ჩამოიტანონ და დახარჯონ, ოღონდ საჯარო და გამჭვირვალე იყოსო. ამ კანონში მეტი არაფერი წერია, არც ერთი სიტყვა. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, კი ბატონო, დავხვეწოთ. არ იყოს ეს არც „ქართული ოცნების“ კანონი, არც რუსული, ქართული, ფრანგული და ა.შ, ეროვნული იყოს. საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ხომ შედის ის, რომ ჩვენ, ყველამ ვიცოდეთ, რაში იხარჯება ფული?“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.