"ფაქტია, საქართველო არის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. სამომხმარებლო კალათაში, დაახლოებით, 68-დან 70%-მდე საქონელი არის იმპორტირებული", - ამის შესახებ პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა "რუსთავი 2-ზე" ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

ბიძინა გიორგობიანმა, ფასების რეგულირებისთვის, იმ ხანგრძლივვადიან პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანას აღნიშნული საკითხის გადაჭრაში დაეხმარება.

"ფაქტია, საქართველო არის იმპორტდამოკიდებული ქვეყანა. სამომხმარებლო კალათაში, დაახლოებით, 68-დან 70%-მდე საქონელი არის იმპორტირებული. თავისთავად, იმპორტირებული ქვეყნიდან ხდება იმ ინფლაციის შემოტანა საქართველოს შიდა ბაზარზე, რომელიც იმ ქვეყანაშია, საიდანაც ხდება იმპორტი.

სოციალურ პასუხისმგებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, ვხედავთ სიტუაციის ხანგრძლივვადიანი გამოსწორების ყველაზე კარგ ეკონომიკურ ინსტრუმენტს:

შიდა წარმოების ხელშეწყობა, ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა, ლიბერალური პოლიტიკური პლატფორმიდან შესაბამის ეკონომიკაზე გადასვლა, რომელიც უზრუნველყოფს შიდა წარმოების შექმნას.

რაც მთავარია, უნდა არსებობდეს სამართლიანი კონკურენცია. ამ სამართლიანი კონკურენციის ქვეშ ვგულისხმობთ კონკურენციის სააგენტოს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებას და ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში კარტელური გარიგებების და ოლიგოპოლიების ჩამოყალიბების წინააღმდეგ ბრძოლას", - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.