კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა, რითაც „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას მოსაზრება შეაფასა, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

„ამ საკითხთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენი მიზანია, პოლიტიკური პროცესის დაბრუნება, ქვეყნის დაბრუნება ხელისუფლების კონსტიტუციურ ჩარჩოებში და არა კონსტიტუციურ მოუსავლეთში გაშვება.

კონსტიტუციით არის მოწესრიგებული კონკრეტული მექანიზმი - რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს მთავრობის დათხოვნა და ახალი არჩევნების დანიშვნა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ სპირალში უნდა შევიდეთ. კონკრეტულად პრეზიდენტი გამოსცემს თუ არა ახალ აქტს არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით, ამას კონსტიტუცია არ ითვალისწინებს, მე ასე ვკითხულობ კონსტიტუციას. პრეზიდენტს რომც გააჩნდეს ასეთი ტიპის ბერკეტი, რაღაც აქტი გამოსცეს, რა ხდება მერე? - კალანდარიშვილის ცესკო ადგება და ახალ არჩევნებს ჩაატარებს? ამიტომ, ასეთი ტიპის მოლოდინების გაჩენა არ იქნება სწორი, მათ შორის, გულწრფელი ადამიანებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად დგანან აქციაზე და ყოველდღიურად ელოდებიან სიახლეს.

ეს არის გრძელვადიანი, პროტესტი გრძელვადიანი ბრძოლა, რომელსაც სჭირდება თანმიმდევრული მოქმედებები და მოლოდინების სწორი მართვა. სწორედ ეს არის გამოსავალი, რომ ხელისუფლებას ვაიძულოთ, წამოვიდეს დათმობაზე და დანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.