მივესალმები 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომლითაც დადასტურდა, რომ 20 ივნისს შეკრების შეწყვეტის ღონისძიებისას, სახელმწიფოს ჰქონდა სპეციალური საშუალებების გამოყენების ლეგიტიმური უფლება სამართალდამცავებზე თავდასხმისა და სახელმწიფო ორგანოებზე განხორციელებული შტურმის მოსაგერიებლად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებითვე არის დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრი, ბერდია სიჭინავა სოციალურ ქსელში წერს.
მისივე განმარტებით, ტყუილია პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, თითქოს გადაწყვეტილებაში საუბარია გიორგი გახარიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე.
„ცალკეულ შემთხვევებში, რასაც ჩვენვე წლებია, ვადასტურებთ, ადგილი ჰქონდა სამართალდამცავი მხრიდან ძალის არაპროპორციულობას – კერძოდ, კინეტიკური საშუალებების, არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიები) გამოყენების შემთხვევებში, რაც, სასამართლოს განმარტებით, მათ შორის ეფუძნებოდა არასათანადო რეგულაციებს.
საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მათ შორის პროკურატურის მიერ გიორგი გახარიასთვის წარდგენილი ბრალდების შესახებ დადგენილებითაც დადასტურებულია, რომ არალეტალური იარაღის (რეზინის ტყვიების) გამოყენების შესახებ ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია.
დიდი პალატის ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, რომ გახარიას მიმართ ბრალდება შეთითხნილია. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე გიორგი გახარიას გამამართლებელ მტკიცებულებად წარადგენს სასამართლოში.
20 ივნისის საქმე აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული დამოუკიდებელი მართლმსაჯულების პირობებში და ამ დანაშაულის ავტორები და ორგანიზატორები ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობისგან გაქცევას.
პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები, თითქოს ამ გადაწყვეტილებაში საუბარია გიორგი გახარიას სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე, არის უტიფარი ტყუილი“, – წერს ბერდია სიჭინავა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამით პოლიციის მიერ პარლამენტის წინ ანტისამთავრობო დემონსტრაციის დაშლას ეხება. 24 მომჩივანის მიმართ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ორივე ასპექტის დარღვევა (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა/ეფექტიანი გამოძიების ნაკლებობა). 14 მომჩივანთან დაკავშირებით სასამართლომ დაადგინა კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა (გამოხატვის თავისუფლება). ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ 11 მომჩივანის მიმართ დარღვეულ იქნა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრების თავისუფლება).
ცნობისთვის, საქართველოს მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მიმართ საქართველოს პროკურატურამ ორ საქმეზე დაიწყო სისხლის სამართლებრივი დევნა. ერთ-ერთი ეპიზოდი სწორედ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებს უკავშირდება. გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.




