პარტია „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი, ბერდია სიჭინავა „პალიტრანიუსის“ ეთერში „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელის გამოხმობასა და ხელახლა გაზრდილი სარჩელის წარდგენაზე განაცხადა: „რეჟიმისთვის ალიანსის პოზიციებია პრობლემა თორემ ის, რომ ალიანსი ამ წუთებში კრამიტებს ამტვრევს, მაგის არავის სჯერა“.

„4 ოქტომბრის მერე თუ ვინმეს კრამიტები აქვს დალეწილი, არის ოპოზიციის ეს ნაწილი [ოპოზიციის ალიანის]. ობიექტური რეალობა არის ეს და არ შეიძლება საკუთარ შესაძლებლობებს განსხვავებულად აფასებდე. 4 ოქტომბრის მერე ოპოზიცია დაზიანდა და ოპოზიციის ამ ნაწილმა ფეიკ-რევოლუციით და არჩევნების იდეასთან დაპირისპირებით ყველა დააზიანა, ჩვენი პოლიტიკური პარტიაც დააზიანა და საკუთარი პარტიები დაანგრიეს. საკუთარი პარტიული უჯრედი რეგიონებში გაანადგურეს.

მოვა არჩევნების დრო და ვნახავთ ერთი რომელი შევა ამ არჩევნებში და რომელი არ შევა. გჯერათ, რომ 2028 წელს ოპოზიციის ეს ნაწილი არჩევნებში არ შევა? კატასტროფული შეცდომა იქნება კიდევ ერთი არ შესვლა. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ალიანსიდან უმრავლესობა მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში. დარწმუნებული ვარ აბსოლუტურად და სწორიც იქნება, რომ მიიღონ მონაწილეობა“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების შესახებ ახალი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოშია. კორექტირებული დოკუმენტით, "ქართული ოცნება", "ევროპელი სოციალისტები" და "ხალხის ძალა", 3-ის ნაცვლად უკვე 4 პარტიის - "ნაციონალური მოძრაობის", "ახლების", "ლელოსა" და ახლა უკვე "ფედერალისტების" აკრძალვასაც ითხოვს. სასარჩელო მოთხოვნას ახლავს დასაბუთებაც. 89 დეპუტატი მიიჩნევს, რომ კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიზანი - კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, არჩევნებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების არაღიარება, დემოკრატიის უგულებელყოფა და ქვეყნის საბოტაჟია.