ვერანაირი ორგანიზაციების კონსულტაციები ვერ დაეხმარება ხელმოცარულ ოპოზიციას, რომელიც პირდაღებული შოშიასავით ელოდება, რა წინადადებებს მიაწვდიან და რა ტიპის კონსულტაციას გაუწევენ, რომ სანუკვარი ოცნება აიხდინონ, გადაატრიალონ ქვეყანა, – ამის შესახებ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო აღარ არის ის ქვეყანა, როდესაც მავნე რევოლუციური თუ ფსევდორევოლუციური ძალებისგან სახელმწიფო გადატრიალებები ხერხდებოდა.

„სახელმწიფო გადატრიალების დიდი სურვილი აქვთ ოპოზიციის გარკვეულ ძალებს, რაშიც დახმარებას გარედან ელოდებიან. ძალიან სამწუხაროა, გამოიკვეთა, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის, სერბეთიდან მობრძანებული ვიზიტორები აღმოჩნდნენ ისეთი ორგანიზაციების ხელმძღვანელები და დამფუძნებლები, რომლებიც ძირითადად, დაკავებულნი არიან რევოლუციების, გადატრიალებების სცენარების შედგენით და განხორციელებით. მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოქალაქეები და საზოგადოების თითოეული წევრი, ფეხი არ ჩაეტევათ. საქართველო ის ქვეყანა აღარ არის, როდესაც ხერხდებოდა მავნე რევოლუციური თუ ფსევდორევოლუციური ძალებისგან სახელმწიფო გადატრიალებების განხორციელება. დღეს სახელმწიფო სტრუქტურები სულ სხვა დონეზეა, ინსტიტუციები სხვაგვარად ძლიერია.  შესაბამისად, ვერანაირი ორგანიზაციების კონსულტაციები ვერ დაეხმარება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას, რომელიც პირდაღებული შოშიასავით ელოდება, რა წინადადებებს მიაწვდიან, რა ტიპის კონსულტაციას გაუწევენ, რომ თავისი სანუკვარი ოცნება აიხდინონ, გადაატრიალონ ქვეყანა და დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ქურდს როდესაც წაასწრებ დანაშაულზე, ბუნებრივია, იტყვის, რომ არ აპირებდა ნივთის მისაკუთრებას, მხოლოდ ათვალიერებდა ან მიჰქონდა და დაბრუნებას აპირებდა. რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ ეს იყო უბრალო ტრენინგი. ჩვენ ვნახეთ უბრალო ტრენინგები ახალგაზრდების მონაწილეობით, სადაც იარაღის ჟღარუნი იყო და „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების რეცეპტების დისტრიბუცია. ეს თუ არის ჩვეულებრივი ტრენინგი, მაშინ აღიარონ, რომ ამას აპირებდნენ და მიიღებენ კიდეც პასუხს მთელი სიმკაცრით ქართული კანონმდებლობის წინაშე“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.