ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებას - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენთვის გაუგებარია, როდესაც გთხოვენ, შენ ჩამოანგრიო სამართლიანი სახელმწიფო და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროპულ ოჯახში. ეს რა მიდგომაა? თუ მოგიწოდებენ, რომ შენ სამართლის საწინააღმდეგოდ იარო და ერთი პატიმრის მხოლოდ იმ გამოგონილი მიზეზებით გაათავისუფლო ის, მაშინ რა ვუყოთ 8 000 პატიმარს, რომელთაგან 7 000 ალბათ, გაცილებით უფრო ნაკლები მძიმე დანაშაულისთვის იხდის მსჯავრს. იმათმაც რომ გამოაცხადონ შიმშილობა და თავი სიგამხდრემდე მიიყვანონ მაშინ, რა უნდა გააკეთოს ქართულმა სახელმწიფომ?! თუ თანახმა ვარ, რომ ყველა პატიმარი გამოვუშვათ? არ ჭამას და ვერ ჭამას შორის დიდი სხვაობაა. ჩვენ ექიმებისგან და იმ ადამიანებისგან, ვინც მასთან მუდმივად არიან, გვესმის, რომ როდესაც გარკვეული პერიოდია და მას მოსწონს რაღაც საკვები, ის იღებს ამ საკვებს.
როდესაც ცენტრი „ემპათია“, თუ სხვა გაურკვეველი პირები კონსულტაციას აძლევენ, რომ მან მიიღოს ნაკლებკალორიული საკვები, ეს არის უბედურება. ეს ადამიანები ამ ადამიანს არ გულშემატკივრობენ. ამ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, მგონი, მართლა მარტო პენიტენციური სისტემა და საქართველოს ხელისუფლება გულშემატკივრობს იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის ეს პასუხისმგებლობა, ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის, რა თავის ტკივილი შეიძლება მოჰყვეს მართლაც ამ ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას, რომელსაც ხელს უწყობენ, არ მინდა ოჯახს შევეხო, მაგრამ ადამიანები, ვინც მას კონსულტაციას უწევენ და უბიძგებენ ამისკენ, ვგულისხმობ გარკვეულ სამედიცინო ჯგუფს, რომელიც პენიტენციურის სისტემისა და „ვივამედის“ კლინიკის მიღმაა, ასევე ვგულისხმობ პოლიტიკური ჯგუფს, რომელსაც დარწმუნებული ვარ, საერთოდ არ ანაღვლებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა. პირიქით, რაც უფრო დასნებოვნებული იქნება სააკაშვილი, მით უფრო ეს არის თავიანთი პოლიტიკის დღის წესრიგის ძირითადი ნაწილი“, - აცხადებს ოდიშარია.