თბილისის საქალაქო სასამართლოში „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვა დასრულდა.
ბადრი ჯაფარიძე ორი საათის განმავლობაში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პროკურატურის შეკითხვებს პასუხობდა.
„ჩვენ მივუთითებთ იმ ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდაც არის გავრცელებული. მათ ჩვენ მივაწოდეთ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს უკვე არის პროკურატურის ვალდებულება, რომ ჩაატაროს სათანადო გამოძიება და შეაგროვოს მტკიცებულებები. კონკრეტული დარღვევები მდგომარეობდა იმაში, რომ იყო უამრავი ადამიანი შეკრებილი საარჩევნო უბნის წინ, რომელიც იქ იყვნენ შეკრებილი ამომრჩეველზე ზემოქმედების მიზნით. ასვე მივაწოდე ინფორმაცია, როდესაც ვადა გასული პასპორტით ხდებოდა ხმის მიცემა და ამ ფაქტს შევესწარი მეც. ასვე მივაწოდე ინფორმაცია, რომლის თვითმხილველიც ვიყავი, როდესაც პრაქტიკულად გამოაძევეს უბნიდან დამკვირვებელი და მან თქვა, რომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და შემდეგ იქ მოვიდნენ საჯარო სამსახურის წარმომადგენლები და ეს საჯარო სამსახურის წარმომადგენლები, ისინი არიან ასახული კადრებზე“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
პროკურორ ქეთევან ჩაჩავას განცხადებით, ჯაფარიძემ არაერთ ფაქტზე ისაუბრა, თუმცა კონკრეტული წყარო ვერ დაასახელა. მისი თქმით, ყველა იმ ფაქტს, რომელზეც ჯაფარიძემ ისაუბრა, საგამოძიებო ორგანო გადაამოწმებს.