ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენი, რომ ქვეყანამ და ჩვენმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს ეს უნიკალური შანსი, რომელიც გვაქვს, წლის ბოლომდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, მმართველმა გუნდმა ევროკომისიის რეკომენდაციები რეალურად უნდა შეასრულოს.

„ის, რასაც „ქართული ოცნება“ თვლის, რომ შესრულებულია, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ, აუცილებელია, რომ საზოგადოება, ჩვენი ევროპელი მეგობრები იქნენ სრულად ინფორმირებული, რომ ჩვენ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ხალხს მთავარ ამოცანად მიგვაჩნია, რომ ეს შანსი იყოს გამოყენებული. ყველამ იცოდეს, რას ნიშნავს რეალურად რეკომენდაციის შესრულება, რა კეთდება ამისთვის, რა არ კეთდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს კავშირი იყოს მუდმივი ევროპარლამენტთან, რადგან გვესმის, რომ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის სტატუსის მინიჭების კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში „ქართული ოცნების“ მცდელობამ, დაამციროს ევროპარლამენტის მნიშვნელობა ამ პროცესში. ამიტომ, დარჩენილი თვეები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე იყოს სრული ინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ქვეყნის გარეთ. ყველამ დაინახოს, ვის სურს რეალურად ამ რეკომენდაციის შესრულება, ვის სურს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება. ეს ყველაფერი არის ჩვენს ხელში, ჩვენი ხალხის ხელში, რომელმაც მუდმივად უნდა გააგრძელოს წნეხი „ქართულ ოცნებაზე“, რომ არ მისცეს საშუალება, კვლავ ისეთი დესტრუქციული ნაბიჯები გადაიდგას, რაც უკვე იყო გადადგმული რუსულ კანონთან მიმართებაში, არ შეეცადოს დააკარგვინოს ჩვენს ხალხს, რისთვისაც მთელი თაობები იბრძოდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ერთობა შენარჩუნდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.