გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ქრისტოფერ ჰანსონს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა 20-წლიანი თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი შეაჯამეს.
სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის წარმატების, ასევე, საქართველოში მარეგულირებელი ორგანოს დაფუძნების, ინფრასტრუქტურის მოწყობის და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა არაერთი საერთაშორისო მისიის ანგარიში, სადაც პროგრესად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვალდებულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად მიღებული 15-ზე მეტი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირდა მოსახლეობის და გარემოს დაცვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წელს მიღებული კანონი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“.
აშშ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა უმოკლეს ვადაში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის და შედეგების მდგრადობის მნიშვნელობა.
მხარეებმა საქართველოს მიმდინარე გამოწვევები და არსებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებიც განიხილეს. აშშ-ის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ქვეყნის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების სამომავლო მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.