„ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური კალენდარიც კი არეული აქვს - როდესაც 2024 წლის იანვარ-თებერვლისათვის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე საუბრობენ, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კალენდარი და კურსიც დაკარგული აქვთ - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისივე შეფასებით, ოპოზიციის ერთადერთი იმედი დესტაბილიზაციისა და არეულობის გამოწვევაა და სწორედ ამიტომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების დაბლოკვას მაქსიმალურად ცდილობენ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაბლოკონ. ამისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ აქტიურად მუშაობენ ყველასთან, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი როგორღაც შეაფერხონ და დროში გადადონ. ამას ერთადერთი ლოგიკა და ახსნა აქვს - ის რაც კობა ნაყოფიამ თქვა - მათ სურთ ამით გარკვეული დესტაბილიზაციის მუხტი მიიღონ და შემდეგ ეს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ. სხვა ახსნა იმას, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებს, არ გააჩნია. კობა ნაყოფიამ პირდაპირ და გასაგებად თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის არმიღება დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ამით მათ სურთ რიგგარეშე არჩევნები მიიღონ და შემდეგ რაღაც გვერდითა კარით პოლიტიკაში შემოვიდნენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, ვადამდელი არჩევნები იქნება და ოპოზიცია ამისთვის მზად უნდა იყოს.