გუბაზ სანიკიძის განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გუბაზ სანიკიძის მიერ აზერბაიჯანის მაგალითზე „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს.
„ჩემი მხრიდან ამ კომენტარის სერიოზული განხილვა ალბათ მართებული არ იქნება. ეს განცხადება პირდაპირ შეიცავს მოწოდებას ომის სცენარისკენ. ჩვენ ვიცით, რომ ომით ტერიტორიული საკითხები გადაწყვეტა საქართველოსთვის დამღუპველი იქნება. შესაბამისად, ამ სცენარს ხელისუფლება არ განიხილავს და არც ჩვენი პარტნიორები არ უჭერენ მხარს. ჩვენ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებით, დანგრეული ხიდების აღდგენით, რომელიც გვაკავშირებდა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან, შევძლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ჩვენი საზოგადოების გაერთიანებას. ომით ეს შეუძლებელია. ომი ამ ყველაფერს უფრო გააღრმავებს. ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსადმი მტრული ძალების ინტერესებში შედის. ეს განცხადება საქართველოს ინტერესებს და მომავალს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.