ცალსახად არასწორია, რომ ნებისმიერი ადამიანის გაჩერება იქნება შესაძლებელი, ანუ პირველი არასწორი ინფორმაცია აქ არის, რადგან კანონში პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ უნდა არსებობდეს ფაქტი, ან ინფორმაცია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების თაობაზე, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„თუ ეს ფაქტი, ან ინფორმაცია არ არსებობს, უბრალოდ ასე ადამიანს ვერ გააჩერებენ. იმიტომ, რომ მტკიცების მაღალი სტანდარტი იქნება პოლიციის შემთხვევაში, ადამიანს რატომ აჩერებ, თუ არ გაქვს ფაქტი, ან ინფორმაცია, რომ ის არის ნარკომომხმარებელი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, ქუჩაში ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ არიან ადამიანები ამ სენით დატანჯული და მათ შორის, ადამიანები ჩართული არიან სიკვდილის გაყიდვაში, თან განსაკუთრებით დიდი ოდენობით სიკვდილის გაყიდვაში.

„მათ შორის, ე.წ. დამდებების თაობაზე რომ იყო საუბარი, არ ვიცი, ალბათ, კანონპროექტი არ აქვთ წაკითხული, ან ისევ და ისევ ცდილობენ, სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცენ. მაგალითად, გადაცემასთან დაკავშირებით რომ იყო საუბარი, გადაცემა სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, ერთი მხრივ გაიმიჯნა და მეორე მხრივ, არის უკანონო რეალიზაცია, როცა ადამიანები ფულის, ან სხვა ნებისმიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით ნარკოტიკულ საშუალებებს, ფსიქოტროპულ ნივთიერებებს ყიდიან. დამდებს რომ ვუწოდებთ საზოგადოებაში, ესენი არიან პირები, რომლებიც დამხმარეები არიან რეალიზაციაში“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე განმარტებით, თუ მაგალითად, ერთი ნარკოდამოკიდებული ადამიანი მეორე ადამიანს გადასცემს ნარკოტიკულ საშუალებას, სადაც არ არის სარგებლის მიღების მიზანი, ეს არ ჩაითვლება გასაღებად და ეს იქნება გადაცემა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე, ხოლო თუ ადამიანს აქვს მიზანი, რომ ამაში მატერიალური სარგებელი მიიღოს, ეს როგორც წარსულში ითვლებოდა, მომავალშიც ჩაითვლება რეალიზაციად.

„მოდით ვთქვათ, ვინ არიან დამდებები. დამდები როდესაც იღებს ნარკოტიკულ საშუალებას, კონკრეტულ ლოკაციაზე ათავსებს, შემდეგ უღებს სურათს და უგზავნის შესაბამის ადრესატს, ეს ადამიანი რას აკეთებს და მისი მიზანი რა არის? მისი მიზანი არის, მატერიალური სარგებელი მიიღოს. ხომ ასეა? თუ მატერიალური სარგებლის მიღებაა მისი ქმედების შემადგენელი ნაწილი, ესე იგი, ეს ადამიანი არის რეალიზატორი და დამდები, როგორც წარსულში, ისე მომავალშიც, თუ წარსულში გასაღება იყო, მომავალში რეალიზაციისათვის, მომზადებისთვის, მცდელობისთვის, ან უკვე დასრულებული დანაშაულისათვის, თუ თანხებიც ჩარიცხული იქნება, პასუხს აგებს, როგორც ნარკორეალიზატორი, ნარკომოვაჭრე“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით როდესაც ადამიანი არის მომხმარებელი, კანონის მთავარი ფუნქცია არის არა სადამსჯელო ფუნქცია, არამედ ის, რომ პრევენცია მოხდეს.

„სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას ე.წ. მსუბუქს რომ უწოდებენ, ალბათ, არც ერთი ობიექტური ექიმი არ არსებობს დედამიწაზე, თუ თავისი დაინტერესება არ აქვს, რომელიც იტყვის, რომ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი. ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ყველა ნარკოტიკი არის თავისი სიმძიმით მძიმე. იმიტომ, რომ სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების წახალისებას ახდენს. როდესაც ჩვენ გვინდა, ვებრძოლოთ მოხმარებას და ახალგაზრდები არ წავახალისოთ, რომ ნარკოტიკებისკენ გაიხედონ, მათ ასევე უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, მთელი რიგი უფლებები შეეზღუდებათ და ეს არის ზუსტად პრევენციული მექანიზმი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, დიდი გამოწვევა იყო და არის სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა.

„სამწუხაროდ, მთელი რიგი ფსიქოტროპული ნივთიერებები იყიდება შესაბამისი ექიმის ცნობის გარეშე. ცვლილებები ითვალისწინებს, რომ მაგალითად, გაბაპენტინს, ბაკლოფენს და ციკოდულს, იქნება ეს აბის ფორმით, არა აბის, თუ ნებისმიერი წამლის ფორმით, თუ აფთიაქში ვინმე გაყიდის შესაბამისი ექიმის ცნობის გარეშე, ესეც სისხლის სამართლის წესით დასჯადი იქნება, როგორც ნარკოტიკების რეალიზატორი“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეკითხვაზე, რატომ არ იყვნენ ჩართული კანონპროექტის შემუშავების პროცესში ექსპერტები, არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ საჯარო სამსახურებში არანაკლები ექსპერტები არიან დასაქმებული, რომლებსაც გამოცდილება აქვთ და რომლებიც კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ, ხოლო თუ ვინმეს ჩართვა სურდა, ამ საკითხზე მსჯელობა თვენახევრის განმავლობაში გრძელდებოდა და შეეძლოთ, მიემართათ, თუმცა ასეთი რამ ბუნებაში არ ყოფილა.