პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე 2019 წლის 20-21 ივნისის აქციის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
არჩილ გორდულაძის თქმით, მნიშვნელოვანი იყო, რომ დაიწყო გამოძიება.
"რასაც ჩვენი გუნდი ვამბობდით და ვამბობთ, ზუსტად იმავეს ამბობს სტრასბურგის სასამართლოც, რომ აქცია რომელიც არის ძალადობრივი, აქცია, რომლის დროსაც ცდილობენ, რომ პარლამენტის შენობაში შეიჭრან, ეს არის უკანონო და მათ მიმართ საპოლიციო ძალები არა თუ შეიძლება, არამედ უნდა იყოს გამოყენებული. ამავდროულად, დაადგინა დარღვევა პროპორციულობის ნაწილში, დაადგინა ასევე დარღვევა, რომ არ არის დროულად გამოძიებული და შესაბამისი პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, ვისი გამოისობითაც ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნა. სწორედ ამიტომაც, მნიშვნელოვანი იყო, რომ დაიწყო გამოძიება, გამოძიების შედეგები კი ყველასთვის ცნობილია. გახარიას, რომელიც გაქცეულია გერმანიაში, დაუსწრებლად წარედგინა ბრალი, რომელსაც თვითონაც აღიარებდა, რომ იგი სრულად იღებდა პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა იგი არის გერმანიაში გაქცეული პასუხისმგებლობას და სტიპენდიას იღებს გერმანული მხარისგანაც," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.








