ქართული პოლიტიკის „გიგანტები“, ხაბეიშვილი იქნება თუ სანიკიძე, რას იტყვიან სალომე ზურაბიშვილზე და შემდეგ ის მათ რას უპასუხებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის მცდელობა, დაიდგას შოუ და სპექტაკლი, თითქოს „ნაცკლასტერში“ გაერთიანებულ ადამიანებს რაღაც საკითხებზე დაპირისპირება აქვთ. რეალურად, ეს ყველაფერი თვალებში ნაცრის შეყრაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„არახალია, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ და ერთმანეთი ნაგინები ჰყავთ, თუმცა როცა დავალებას იღებენ, მშვენივრად ერთიანდებიან ხოლმე. ამის კლასიკური მაგალითია ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის „შეკრული“ და „ურყევი“ ერთობა. კარგად გვახსოვს, ამ ადამიანებმა ერთმანეთი როგორ ლანძღეს, თუმცა ერთმანეთს აპატიეს შეურაცხყოფა და საზოგადოების წინაშე, როგორც გულითადი მეგობრები, ისე წარდგნენ. რატომ? იმიტომ, რომ ასეთი დავალება იყო. ჰქონდათ დავალება, რომ უნდა მომხდარიყო „ნაცკლასტერში“ შემავალი პარტიების გაყოფა, რათა ამომრჩეველი შეცდომაში შესულიყო, არჩევანი ვერ გაეკეთებინა და როგორმე ხელისუფლებაში „ნაცკლასტერი“ მოსულიყო. აგენტის ბედი მძიმეა – იმ ადამიანების, ვისაც თავიანთი პატრონების დაკრულზე უსიტყვოდ ცეკვა უწევთ“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.