თბილისში აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან.
თავდაპირველად ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და კოსტავას ქუჩაზე შეიკრიბნენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, აქცია უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას.
აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ სხვადასხვა შინაარსის ბანერები, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
ამასთან, აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ქართველი ხალხი აუცილებლად გააგრძელებს ევროინტეგრაციის გზას და საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანს.
„ზუსტად ერთი წლის წინ ივანიშვილმა ცხადად თქვა ის, რაც მე პირადად 2012 წლიდან ვიცოდი, რომ მისი რეჟიმის პირობებში საქართველოს ევროპული მომავალი არ ექნებოდა. ღიად გაწყვიტა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რაც არის ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობის ისტორიული არჩევანი. ამ გზას აუცილებლად გააგრძელებს ქართველი ხალხი და მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე, როდესაც საქართველო გახდება ევროკავშირის ღირსეული წევრი. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. ამაზე მეტყველებს, მათ შორის, ის, რომ ერთი წლის განმავლობაში ხალხი არ დაიღალა, არ შეეგუა, არ დანებდა ივანიშვილის მოცემულობას, რაც არის ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ევროპული მომავალი, არ აქვს მომავალი თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროში, არამედ არის რუსეთის გავლენის ქვეშ, რუსეთის უკანა ეზო, წარუმატებელი, არშემდგარი ქვეყანა, მართავს კრიმინალთა ბანდა და მხოლოდ საკუთარი სიმდიდრის მოხვეჭით არის დაკავებული“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.




