ოპონენტები იმედგაცრუებული არიან, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ვერ იხილეს სიტყვა „კლანი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნაზე საუბრისას საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

იმდენად გულდაწყვეტილი არიან, ვენეციის კომისიის დასკვნაში რომ ვერ ნახეს სიტყვა „კლანი“, რომ ახლა ცდილობენ, ახსნან, ვენეციის კომისია ამბობს, საჯარო საუბრებში ითქვა, რომ არსებობს კორპორატივიზმიო, ანუ, რასაც ვენეციის კომისია სხვაზე დაყრდნობით ამბობს, რადგან ამას ამბობს ვენეციის კომისია, აქ გულისხმობს კლანსო. წარმოიდგინეთ, რა იმედგაცრუებული არიან, რომ სიტყვა „კლანი“ ვერ ნახეს მტკიცებით ფორმაში და ახლა ცდილობენ, თეორიული, ჰიპოთეტური დაშვებით როგორღაც იქნებ რაღაც ფორმით მიაწოდონ საზოგადოებას დამატებითი დეზინფორმაცია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, კორპორატივიზმის ნაწილში ვენეციის კომისიას მტკიცებით ფორმაში არ უთქვამს, რომ არის კორპორატივიზმი.

„ვენეციის კომისიამ ის კი არ თქვა, რომ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება და გარემოება, რაზე დაყრდნობითაც მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ არსებობს კორპორატივიზმი. ვენეციის კომისიამ თქვა, როდესაც ჩვენ საუბარი და ჩართვები გვქონდა შესაბამის სუბიექტებთან, ამ დისკუსიებში ახსენებენ კორპორატივიზმსო. ანუ, აქ იგულისხმება საპარლამენტო ოპოზიცია და კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ვისთანაც მათ კონსულტაციები გამართეს. ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული შეფასება იმისგან, როგორც ოპონენტები წარმოაჩენენ, თითქოს ვენეციის კომისიამ მტკიცებით ფორმატში თქვა, რომ საუბარია კორპორატივიზმზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.