ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებების ობიექტურობას ვირწმუნებდი, 2012 წლამდეც რომ გაემართათ დებატები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანრი ოხანაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც შეაფასა ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატები .

„საზოგადოება იტყოდა, ეს ხალხი ობიექტურია, რადგან 2012 წლამდეც გამართეს დებატები იმ სასტიკ დანაშაულებზე, მაშინდელ ხელისუფლებას მოსთხოვეს კონკრეტული საკითხების ახსნაო; მოითხოვეს დებატები იმაზე, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება არ ეთანამშრომლებოდა სტრასბურგს, უმალავდა მტკიცებულებებს და ა.შ. ეს რომ ყოფილიყო, ჩვენი საზოგადოება იტყოდა, რომ ეს ხალხი არის ობიექტური, თუმცა ასე არ მომხდარა. ეს იმიტომ ხდება, რომ ამ ევროპარლამენტართა პარტიული და პოლიტიკური ინტერესი უფრო მეტია. ისინი უფრო მაღლა აყენებენ პარტიულ ინტერესს, ვიდრე სამართლებრივ სახელმწიფოს, ჩვენი საზოგადოების ინტერესებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, იმაზე საუბრით, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა არის გაყოფილი, შეურაცხყოფას აყენებენ „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

„ეს არის რუსული პროპაგანდის კლასიკური ნიმუში, რომ გახლიჩონ და მოხდეს სეგმენტირება, თითქოს ქართული საზოგადოება სხვას ფიქრობს, საქართველოს ხელისუფლება კი – სხვას, როდესაც ეს ფაქტებს ეწინააღმდეგება. ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი იმაში, რომ სააკაშვილმა ჩაიდინა უმძიმესი დანაშაულები და სამართლიანად იხდის სასჯელს, ოღონდ სასჯელს იხდის არა ციხეში და არის არა წამების მსხვერპლი, არამედ სასჯელს იხდის სამკურნალო დაწესებულებაში“, – თქვა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე განმარტებით, ადამიანი თუ დანაშაულს ჩადის, სასჯელის გარდაუვალობის პრინციპი და კანონის უზენაესობა მოითხოვს, რომ მან პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულისთვის.

„ვინმე თუ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმას, რომ სასჯელი არ უნდა აღსრულდეს, ეს პრინციპი ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს. რომელ ქვეყანაში გინახავთ, რომ ვიღაც სტრესს განიცდის და ამის გამო ჰუმანიტარული მიზნით სხვა ქვეყანაში უნდა გადაიყვანონ? მაშინ, როდესაც ის მკურნალობს, არავითარი წამების მსხვერპლი არ არის, ჰყავს 2 000-ზე მეტი ვიზიტორი, პრაქტიკულად, ყოველდღე სტუმრობენ ოჯახის წევრები, დეპუტატები თუ სხვები. სახელმწიფომ შესთავაზა ნებისმიერი ჩართულობა შესაბამისი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის, საერთაშორისო თუ სხვა გამოცდილების მქონე პირის“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეკითხვაზე, რატომ საუბრობს ევროდეპუტატთა ნაწილი პერსონალურ თავდასხმებზე საქართველოდან, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება თავს არავის არ ესხმის.

„ჩვენ თავს კი არ ვესხმით ვინმეს, თავდასხმის დროს ვალდებული ვართ, საზოგადოებას ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე და ვუთხრათ, რომ ცალკეული ევროპარლამენტარი პარტიულ ინტერესს იმაზე მაღლა აყენებს, ვიდრე სამართლებრივ სახელმწიფოს. ეს თუ თავდასხმაა, ამას ჩვენი საზოგადოება აფასებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.