„სამწუხაროდ პრობლემა არის იმაში, რომ პარლამენტი ხშირად არც კი იწყებს ოპოზიციის ინიციატივების განხილვას“, - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პარლამენტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა,  პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია არის საკანონმდებლო საქმიანობა და მსოფლიო პარლამენტებსაც თუ გადავხედავთ ძალიან იშვიათია, როდესაც ოპოზიცია ახერხებს, რომ მის მიერ ინიცირებული კანონპროექტი გახდეს კანონი, შესაბამისად, ოპოზიციის როლიც ძალიან კარგად ესმის.

„ლელოს“ გულისტკივილი ნამდვილად არ მიემართება იქითკენ, რომ ჩვენი ყველა ინიციატივა არ არის გაზიარებული. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არაერთი ინიციატივა მოვამზადეთ, გავწიეთ დიდი სამუშაო დარგის სპეციალისტების  და საზოგადოების ჩართულობით, ყველა წესის დაცვით დავარეგისტრირეთ ცვლილებები, მაგრამ სამწუხაროდ, პრობლემა არის იმაში, რომ პარლამენტი არც კი იწყებს ხშირად ოპოზიციის ინიციატივების განხილვას. ჩვენ არ ვითხოვთ ყოველთვის დათანხმებას, ვითხოვთ იმას, რისი უფლებაც გვაქვს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, „ლელოს“ აქვს კანონპროექტები, რომელთა განხილვის დაწყებაც კი ბიურომ შვიდჯერ გადადო.

„არაფერში ეწერება, რომ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიცია აინიცირებს კანონპროექტებს, ბიუროს, უმრავლესობის მხრიდან ხდება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და განხილვის დაწყებაზე უარს გვეუბნებიან ხოლმე. ასეთია მაგალითად, ნატო-ს შესახებ რეზოლუცია. არ ვიცი რა აფერხებს პარლამენტს, ეს არ არის პრიორიტეტული საკითხი? ასეთია ჩვენს მიერ შემოტანილი სხვა კანონპროექტები, რომლებიც უკავშირდება  მათ შორის, 12 პუნქტს. მათი ნაწილის განხილვა რომ დაგვეწყო მაშინ, როდესაც ისინი „ლელომ“ დააინიცირა, ზოგიერთი საკითხი პოზიტიურად თუ გადაწყდებოდა, 12 პუნქტში არც მოხვდებოდა და უკვე წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაეწერებოდა საქართველოს. ამიტომ აქ გამართლება ძნელი მოსაძებნია რატომ იბლოკება ჩვენი ინიციატივების განხილვაც კი ძალიან ხშირად“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.