ჩვენი  დავალებაა, რომ  ჩავიცვათ რკინის ქალამნები და შემოვატრიალოთ ის ავტობუსი, მატარებელი, რასაც საქართველო ჰქვია და დავაბრუნოთ ევროპული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

„დღეს ჩვენ სამწუხაროდ გვყავს ხელისუფლება, რომელიც სამუშაო ადგილებზე, სკოლებზე, ხელფასებზე არ გვესაუბრება, არც განათლების რეფორმებზე, ერთადერთი რასაც გვთავაზობს ესაა შურისძიება, დაპირისპირება, დაქსაქსვა, ტიპური რუსულ „კაგებეშნიკური“ მეთოდი. ჩვენ ამას  არ დავუპირისპირებთ იგივეს, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ მხოლოდ და მხოლოდ დავუპირისპიროთ საქმე და ის გეგმა, რომელსაც დღეს ხედავთ - ეს არის ილიას გზა.

დიდი ხანია, რუსული კოლონიალიზმი გვიმტკიცებდა, რომ ვართ ზარმაცები, არ შეგვიძლია მუშაობა, ვართ უპასუხისმგებლოები, ჩვენ ბოლო წლების გაჭირვებამ დაგვამტკიცებინა, რომ ძალიან მაგრად შეგვიძლია მუშაობა. ოღონდ უცხო ქვეყნების ქარხნებში, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები იპოვიან სამსახურს, ჩვენი ამოცანაა ეს სამუშაო ადგილები შეიქმნას საქართველოში და ჩვენ კოალციას ჰყავს ხალხი, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია“, - განაცხადა დოლიძემ.