ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, აშშ-ის სენატი და არცერთი სხვა უწყება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც დააზიანებს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს თქვას, – „სახელმწიფო ეს მე ვარ“, მაგრამ სახელმწიფო ქართველი ხალხია.
„გულწრფელი რომ ვიყო, თავად მოხსენებისთვის არ მისმენია, შეფასებებს მოვუსმინე. აქ მნიშვნელოვანი ის კი არ არის, მომხსენებელმა რა ილაპარაკა და რა – არა, ჩემთვის პირადად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის და საქართველოს პარლამენტის წევრისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ის, რისიც მწამს და დარწმუნებული ვარ. ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების სენატი და არცერთი სხვა უწყება არ მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას საქართველოსთან მიმართებით, რომელიც დააზიანებს ქართველ ხალხს, დააზიანებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს. „ოცნება“ ცდილობს თქვას, რომ „სახელმწიფო ეს მე ვარ“. მიშა აკეთებდა ამას. ეს ასე არ არის. ივანიშვილი იქნება, სააკაშვილი თუ ეს დეპუტატები იქნებიან, ისინი არ არიან სახელმწიფო. სახელმწიფო არის ქართველი ხალხი“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.