"ახლა ვხედავთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ფული არა აქვს, კამპანიას ვერ ახორციელებს, მისი მოღალატეები გვარამიას თაოსნობით უამრავ ფულს ხარჯავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და არავინ არ იცის, საიდან აქვს ფული",  - ამის შესახებ პარტია "გირჩის" დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა "აიპრესთან" დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა: არსებული ვითარების გათვალისწინებით, პოლიტიკურ ძალთა როგორი კონფიგურაცია შეიძლება შეიქმნას პარლამენტში არჩევნების შედეგების მიხედვით?

" ეს სამწუხაროდ, მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, იმიტომ რომ შეიძლება მე პოლიტიკურად კარგი შედეგი მივიღო, მაგრამ ოპოზიცია დამარცხდეს, "ქართული ოცნება" პარლამენტში ერთპარტიულად დარჩეს, რაც ცუდია. შეიძლება 7 კაცი გავიყვანო, მაგრამ ოპოზიციამ ისეთი შედეგი მიიღოს, რომ ჩემი ხმები გადამწყვეტი იყოს. მე ეს უფრო მინდა, ვიდრე ის, რომ ბევრი ადამიანი იყოს და გადამწყვეტი ხმები არ გვქონდეს და შეიძლება ამის კომბინაცია, მაგრამ ეს დამოკიდებულია "ოცნებაზეც" და "ნაციონალურ მოძრაობაზეც". ახლა ვხედავთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ფული არა აქვს, კამპანიას ვერ ახორციელებს, მისი მოღალატეები გვარამიას თაოსნობით უამრავ ფულს ხარჯავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით და არავინ არ იცის, საიდან აქვს ფული. თუ ისინი გაერთიანდნენ, შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" ფული გაუჩნდეს და უკეთესი შედეგი დადონ. "ქართული ოცნება" რას იზამს, არ ვიცით. ბევრი ისეთი განცხადება, როგორსაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს, თუ ასე გააგრძელეს, არ მგონია, რომ კარგი შედეგი დადონ. ამიტომ ვეცდებით, ჩვენი შედეგი იყოს მაქსიმალური და მერე დავაკვირდებით, სხვა პარტიებს - რაც იქნება, ის იქნება" - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ქართულ პოლიტიკაში სულ სამი პარტიაა: "ნაცები", "ქოცები" და ჩვენ - თუ "ქართულ ოცნებას" არ წაართვი ხმები, რა მნიშვნელობა აქვს "ნაცების" ხმები როგორ გადანაწილდება? - ინტერვიუ ალექსანდრე რაქვიაშვილთან