პარტია "მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოეხმაურა დღეს პარლამენტში მომხდარ ინციდენტს:
"ქვეყანაში, სადაც აშენებული ხიდი წყალს მიაქვს, სადაც გაჭირვებაა, ხალხი ქვეყნიდან გარბის, რუსული კანონი რომ არ მივიღოთ და უფლებადამცველებს აგენტები არ ვეძახოთ, პრობლემები არ გვაქვს?რუსული კანონის მიღებით, ხალხს, რომელიც შშმ პირების უფლებებზე და სოციალურ თემებზე მუშაობს, აგენტი და ჯაშუში უწოდო, სირცხვილია - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, ონლაინ მედიის ნაწილი პარლამენტში "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტებს აპროტესტებს.
ჟურნალისტები ბიუროს სხდომათა დარბაზთან შეიკრიბნენ წარწერებით - "არა რუსულ კანონს", “არა პუტინის კანონს", “რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი". ჟურნალისტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, არ მიიღონ რუსული კანონი.
ჟურნალისტების ნაწილმა საშვების გაუქმების გამო შენობაში შესვლა ვერ შეძლო.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტში აქცია გასულ კვირასაც გამართეს.
დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ორივე ვერსია ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
14 თებერვალს „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი დაიწუნა და მასში გარკვეული საფრთხე დაინახა.
21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასა წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.