ალალად გვითხარით, რომ პირდაპირ რუსეთი გინდათ. ნუ უკლავთ ამ ქვეყანას პერსპექტივას. მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, რომ ეს ქვეყანა საქართველოა და რაც არ უნდა მიიღოთ და გაკეთოთ, საქართველო ვერ და არ გახდება რუსეთი - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვისას განაცხადა.
"ოცნების დეპუტატების ჯიპებიდან თუ არ ჩანს, შემიძლია მე გაგიყვანოთ ქუჩებში და გაჩვენოთ ხალხს როგორ უჭირს, დაგანახოთ რა სადარდებელი აქვთ. არაფერს ვაჭარბებ, ხალხს, რომელიც დღეს და ღამეს ასწორებს შრომაში ხუთი ლარისთვის. ამ ქვეყანაში სხვა სადარდებელი არაფერი გვაქვს? ყველაფერი მოვაგვარეთ და ერთადერთი რაც მოსაგვარებელი დარჩა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის ჯაშუშების ძახილია? ჩვენი მეგობრები გვეუბნებიან, ვისაც ჩვენი ქვეყანა 30 წელია ხელის გულზე უჭირავს, ახლა რუსეთის ტანკი რომ თბილისში არ შემოვიდა, ვისი დამსახურებაცაა, საჭმელი რომ არ იყო ქვეყანაში და ხორბალი შემოგვიტანეს, ის ხალხი გვეუბნება, რომ ნუ იღებთ ამ კანონსო. იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ერთი-ერთში გააკეთა პუტინმა და ერთი-ერთში გააკეთა რუსეთმა.ამაზე ფიქრობს ჩვენ გაჭირვებული ხალხი? ალალად გვითხარით, რომ პირდაპირ რუსეთი გინდათ. ნუ უკლავთ ამ ქვეყანას პერსპექტივას. მაგრამ ერთი რამ იცოდეთ, რომ ეს ქვეყანა საქართველოა და რაც არ უნდა მიიღოთ და გაკეთოთ, საქართველო ვერ და არ გახდება რუსეთი." - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.