ვენაცვალე ჩვენს პარლამენტს, რეგლამენტს, ორი დღეა, შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

„ქალბატონო თეა, ერთ კომიტეტში კოლეგები ვიყავით, თქვენ თუ ისეთივე მეთოდებით აპირებთ მინისტრობას, როგორც აქამდე იყავით კულტურის მინისტრი, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ სფეროსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობთ. მაუზერით და ნაგანით ასე არქეოლოგების, მწერალთა სახლის დარბევა და ა.შ. არ შეიძლება და იმიტომაც არის, რომ საკუთარ გუნდს და ქვეყანას პოლიტიკურ პრობლემებს უქმნით.

სიმართლე გითხრათ, რაზეც მეცინება, ვენაცვალე ჩვენს პარლამენტს, ჩვენს რეგლამენტს, ორი დღეა, შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს. მაგარი ამბავია ისე. ასე წერია რეგლამენტში. სატევარივით კი აქვს ხოლმე ენა და სიტყვა მომარჯვებული და ახლა პაპუაშვილმა თუ ჩაურთო მიკროფონი, ხომ დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, სისხლის გუბეები დადგება აქ, მაგრამ რეგლამენტი უნდა დავიცვათ, ქალბატონო თეა, და მოგიწევთ, ცალმხრივად ჩემი კრიტიკის მოსმენა. სამწუხაროდ, მართლა ასე ვფიქრობ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.