ბიძინა ივანიშვილი რუსეთში გამდიდრებულ ქართველთა შორის ერთადერთია, რომელიც არ მოკლეს და ფულიც შეინარჩუნა - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი, რით არის ცნობილი - ერთადერთია მგონი რუსეთში გამდიდრებული მილიარდელებიდან, რომელიც არა მარტო გამდიდრდა იქ, არამედ ფულიც შეინარჩუნა და არ მოკლეს ამდენ ხანს. მასზე უფრო მდიდრები, მასზე უფრო გავლენიანი ქართველები მოკლეს. მაგალითად ბადრი პატარკაციშვილი ლონდონში საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ერთადერთიღა დარჩა რუსეთში გამდიდრებული ქართველი, გასაგებია პრაგმატიზმისა და სიფრთხილის გარეშე ამას ვერ გააკეთებდა. ერთი წლის წინ გასაგები იყო რომ მკვეთრი მოძრაობების გაკეთება არ უნდოდა და კუდის ქიცინის გზას ადგა თავიდანვე, მაგრამ დღეს ამ მოცემულ მომენტში, როდესაც მოსკოვი დაბომბეს უკრაინელებმა ამ დილით, როდესაც უკრაინა ისეთი ძლიერია როგორც არასდროს... მე რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავი ალბათ 50-ჯერ ვიქნებოდი კიევში ჩასული და საქართველოს რაც შეეძლო და არ შეეძლო იმითაც დავეხმარებოდი“- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.