მეგობრებო, მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის. მე პირადად მხნედ ვარ და გამარჯვებით ანთებული. არ მოვიტყუები, მძიმე დღეები გავიარე ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც. თუმცა, თამაშია აქ ყოფნა იმასთან შედარებით, რაც გარეთ ხდება. ზუსტად ვიცი, ყველაფერს გავუძლებთ და გამარჯვებითაც გავიმარჯვებთ.- ამის შესახებ მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"მთელი რეჟიმი საპოლიციო ძალებსაა ჩაბღაუჭებული, მაგრამ დაკავების მომენტიდან მთელ სისტემასთან მქონდა შეხება, უამრავ პოლიციელთან გადავიკვეთე და დამერწმუნეთ, ერთი სული აქვთ ეს ყველაფერი დამთავრდეს. ჰოდა, დასრულდება, თანაც ჩვენი სახელოვანი გამარჯვებით!

რუსთავის მე-12 დაწესებულების ტუსაღი,ა. ელისაშვილი :))" - წერს ელსაშვილი.

ცნობისთვის, "მოქალაქეების"ლიდერს ალეკო ელისაშვილს თბილისი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე არსებითი განხილვა 26 იანვარს ჩაინიშნა.

ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.


დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, ალექსანდრე ელისაშვილი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, 1954 წელს დაბადებულ ა.ბ.-ს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს."

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის განცხადებით, ალეკო ელისაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის თაობაზე უკვე ვაცნობეთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს