2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომზე პარლამენტის საგამოძიებო კომისია, დღესაც იმსჯელებს.
კომისიაზე ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი სამხედრო ხელმძღვანელობაა დაბარებული. 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიას კითხვები ლაშა ქოიავასთან, შალვა ჯანაშვილთან, ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილთან აქვს.
შეგახსენებთ, 26 მარტს, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის თაობაზე ხუთ პირს მოუსმინა.
დღევანდელ სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად, ასევე, დაბარებული იყო ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა იგი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება და შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ხვალ მიიღებს.
სხდომაზე განსახილველი საკითხი იყო 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და 2008 წლის აგვისტოს ომი.
აღნიშნულ საკითხზე კომისიას ახსნა-განმარტება პაატა დავითაიამ მისცა, რომელიც 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.
სხდომას, დისტანციურად, სატელეფონო ზარით, მიხეილ ქარელი ჩაერთო, რომელიც 2004-2007 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული იყო.
კითხვებზე პასუხისას, მან ისაუბრა სახალხო დიპლომატიისა და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით ე.წ. ერგნეთის ბაზრობის მნიშვნელობაზე, ასევე ამ ბაზრობის პრობლემურ მხარეებზე.
მისი განცხადებით, ბაზრობა 2004 წელს დაიხურა და ამის შემდეგ რეგიონში თავდაცვისა და შეიარაღებული ძალები განლაგდნენ, რამაც ადგილზე არსებული მდგომარეობა გააუარესა.
დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება მისცა გრიგოლ ვაშაძემ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ომის შემდეგ კი - საგარეო საქმეთა მინისტრი.
კითხვებზე პასუხისას გრიგოლ ვაშაძემ ისაუბრა: 2008 წლის 21 თებერვალს სააკაშვილსა და პუტინს შორის გამართულ შეხვედრაზე, მის მიერ 2008 წლის ივნისში რუსეთის ხელისუფლებისთვის საქართველოს პრეზიდენტის წერილის გადაცემაზე, აგვისტოს ომის წინა პერიოდზე და ზოგადად, მის ჩართულობაზე საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობებში.
გრიგოლ ვაშაძის კომისიის წევრების ცალკეულ შეკითხვებზე პასუხისას კომისიის სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის წევრების შეკითხვებს უპასუხა თამაზ ბესტაევმა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციაში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი იყო, ახლა კი - ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.
დროებით საგამოძიებო კომისიას ახსნა-განმარტება მისცა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც 2003 -2004 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო შემდეგ - 2007 წლის 16 ნოემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად, ასევე, დაბარებული იყო ირაკლი ოქრუაშვილი, თუმცა იგი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა. როგორც კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა „სისხლის სამართლის კოდექსით“ ისჯება და შესაბამისად, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას კომისია ხვალ მიიღებს.