ძალიან მიხარია, რომ ბევრი ევროპული დროშა ფრიალებს საქართველოსა და თბილისის ქუჩებში, უფრო მეტი, ვიდრე ბრიუსელში, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ ვუსმენთ მთავრობას, ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორს, ყველას. ყველა პოლიტიკური ძალა უნდა გაერთიანდეს და კონსტრუქციულად უნდა მუშაობდეს. ისეთი გარემო უნდა შეიქმნას ქვეყანაში, სადაც ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელი გახდება.
ამ ეტაპზე ყველა ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ პოლიტიკური დაძაბულობა შემცირდეს, ეს პოლიტიკური და ისტორიული შანსი არ დაიკარგოს და ამისთვის ერთად უნდა იმუშაოთ. შემდეგი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება დამსახურებასა და მიღწეულ შედეგზე. შედეგი მიღწეული იქნება გაერთიანებული ძალისხმევის საფუძველზე, ყველა ძალის გაერთიანების შედეგად“, - აღნიშნა ბორელმა.