ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტიორეს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი მოლდოვიდან აფრენისას უპილოტო საფრენ აპარატთან შეჯახებას მცირე მანძილით გადაურჩა.  

როგორც ნორვეგიულ მედიასთან საუბრისას სტიორემ აღნიშნა, ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც ზელენსკი მოლდოვიდან ნორვეგიაში სამუშაო ვიზიტით მიემგზავრებოდა. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის ყოველდღიური რეალობა, რომელშიც უკრაინის ლიდერს უწევს ყოფნა.  

მოლდოვას თავდაცვის სამსახურების ინფორმაციით, ზელენსკის ვიზიტისა და აფრენის პარალელურად, ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დამრტყმელი დრონის ფრენა ფიქსირდებოდა, რომელიც მოგვიანებით ქვეყნის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

ოფიციალური კიევი მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს.