უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის გენპროკურორი რუსლან კრავჩენკო თანამდებობიდან გადააყენა. ორშაბათს დილით კრავჩენკომ განაცხადა, რომ მისმა უწყებამ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) ხელმძღვანელის, სემიონ კრივონოსის მისამართით ბრალდება წამოაყენა. ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ თვითონ კრავჩენკომ უკრაინა დატოვა და ეს სამსახურებრივი მივლინებით ახსნა.
ორშაბათს შუადღისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოწერა ბრძანებას რუსლან კრავჩენკოს უკრაინის გენპროკურორის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. დოკუმენტი პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
რამდენიმე საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსლან კრავჩენკომ, რომელმაც გადადგომის შესახებ 7 სექტემბერს გამოაცხადა, ხელი მოაწერა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (НАБУ) დირექტორის, სემიონ კრივონოსის მისამართით ეჭვმიტანილის შესახებ შეტყობინებას.
კრავჩენკომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც განაცხადა, რომ კრივონოსს დოკუმენტების გაყალბებასა და ბავშვის ფიქციურ შვილად აყვანაში სდებენ ბრალს. მან კრივონოსს გადადგომისკენ მოუწოდა.
"НАБУ-ს დირექტორისთვის ეჭვმიტანილის სტატუსი ოფიციალურად არ წაუყენებიათ, გადამდგარი გენპროკურორის განცხადებები საჯარო და არა საპროცესო ხასიათისაა", — განაცხადეს საპასუხოდ ანტიკორუფციულ ბიუროში.
დილის საათებში, კრავჩენკოს მხრიდან საჯარო განცხადების შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ზე დაწერა: "ამ გენერალურ პროკურორს მხოლოდ ერთი გამოსავალი აქვს — თანამდებობიდან გადადგომა. ზუსტად ეს ვუთხარი მას. უკრაინამ ყველა მიზეზი დაინახა. თუ ის ამას პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს, მაშინ ასეც დაარქვას. ვთხოვ დეპუტატებს, დაუყოვნებლივ დაუჭირონ მხარი ამ გადაყენებას".




