თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ და აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეაში (CORLEAP) ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა ლევან აბაშიძემ საკრებულოს წევრ მარიამ გრიგოლიშვილთან ერთად  მოლდოვის  რესპუბლიკის დედაქალაქ კიშინიოვში აღმოსავლეთ პარტნიორობის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასამბლეის (CORLEAP) მე-15 ყოველწლიურ  შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. 

შეხვედრაში მონაწილეობდა ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილი. 

ფორუმის ერთ-ერთი მთავარი სესია ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე საჯარო ადმინისტრირების აღმოსავლეთ პარტნიორობის აკადემიის (EPAPA) საპილოტე პროექტის გაცნობას დაეთმო, რომლის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება. აღნიშნულ საკითხზე დებატებისას სიტყვით გამოვიდა მარიამ გრიგოლიშვილი, რომელმაც ხაზი გაუსვა EPAPA-ს ინიციატივის მნიშვნელობას და საქართველოს მხრიდან პროექტის განხორციელების მხარდაჭერის მზადყოფნა გამოხატა.

ქართველი დელეგატის განცხადებით, ადგილობრივი და რეგიონული ადმინისტრაციების ცოდნისა და შესაძლებლობების გაძლიერება არსებითია საჯარო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისა და ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარებისათვის. მარიამ გრიგოლიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის ინსტიტუტების, ექსპერტებისა და ევროპული ქალაქებისა და რეგიონების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობაზე და განაცხადა, რომ აკადემიის პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალდონიანი მმართველობის, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე წვდომის, გამჭვირვალობის, საჯარო შესყიდვებისა და ციფრული განვითარების მიმართულებებში.

ქართულმა მხარემ აგრეთვე გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ა.თ.ე.ა) ჩართულობით ხელი შეუწყოს EPAPA-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს მუნიციპალიტეტებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის, აგრეთვე უზრუნველყოს აკადემიის ონლაინ სესიების ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა.