უკრაინა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებს განაახლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან (FT) ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თქმით, კიევმა შეასრულა დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავის“ პირობები, თუმცა ამის საპასუხოდ რუსეთმა თავდასხმები გააძლიერა, ხოლო უკრაინამ ამერიკული მხარდაჭერის შეფერხება და Starlink-ის კავშირის შენელება მიიღო.

„აკრძალვა მოიხსნა, საკმარისია“ – ზელენსკის მკაცრი კრიტიკა ვაშინგტონს

„ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების აკრძალვა მოიხსნა. საკმარისია“, – განაცხადა ზელენსკიმ ლონდონში ჩაწერილ ინტერვიუში.


პრეზიდენტმა მკაცრად გააკრიტიკა ვაშინგტონის მცდელობები, მოსკოვთან ეკონომიკური გარიგებები დადოს. მან ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის დამოკიდებულებაზე ვლადიმერ პუტინის მიმართ და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ინსტინქტურად ავტოკრატებსა და მულტიმილიარდერებს უჭერს მხარს.

„ის [ტრამპი] ღიად და ხმამაღლა აცხადებს, რომ უყვარს და პატივს სცემს ასეთ ადამიანებს. მისთვის ლიდერები, რომლებიც ხელისუფლებაში 20, 30 ან 40 წელია რჩებიან, ძლიერების სიმბოლოა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა   

რას ითხოვდა აშშ და როგორ უპასუხა კიევმა

გამოცემა იხსენებს, რომ ვაშინგტონი კიევზე ზეწოლას ახორციელებდა, რათა უკრაინას რუსულ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმები შეეწყვიტა. თეთრი სახლი ამტკიცებდა, რომ მორატორიუმი, ასობით ათასი ტონა რუსული დიზელის შესასყიდ შეთანხმებასთან ერთად, აუცილებელი იყო აშშ-ში საწვავის ფასების შესამცირებლად.
ზელენსკის თქმით, აშშ-ის თხოვნით, უკრაინამ სამი დღით მართლაც შეაჩერა თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე, თუმცა მოსკოვს იერიშები არ შეუწყვეტია. მხოლოდ გასულ კვირას რუსულ თავდასხმებს უკრაინაში 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

სერიოზული კრიზისი კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობებში

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ დარტყმები დროებით შეაჩერა, პარტნიორებისგან დაპირებული მხარდაჭერა ვერ მიიღო:

• უკრაინული ძალები ამერიკული ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული შეტყობინების სისტემების გარეშე დარჩნენ;

• ილონ მასკის Starlink-ის სატელიტური ქსელი მთელი ქვეყნის მასშტაბით შენელდა, რამაც შეაფერხა როგორც ფრონტის ხაზის ოპერაციები, ისე რუსულ სამხედრო ობიექტებზე საშუალო რადიუსის დარტყმები.

Financial Times წერს, რომ ეს დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის ყველაზე სერიოზული კრიზისია 2025 წლის თებერვლის შემდეგ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონთან სტრატეგიული პარტნიორობა გადამწყვეტია, თუმცა თეთრ სახლთან ურთიერთობის აღდგენა მასზე არ არის დამოკიდებული: „ჩვენ არანაირი ურთიერთობა არ დაგვინგრევია“, – განაცხადა მან.

Patriot-ები რუსული ნავთობის სანაცვლოდ

კითხვაზე, შეწყვეტდა თუ არა უკრაინა რუსულ ქარხნებზე იერიშებს თეთრ სახლთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ სანაცვლოდ ამერიკულ საჰაერო თავდაცვის სისტემა Patriot-ებს მიიღებდა.

პრეზიდენტის აზრით, დარტყმების ცალმხრივად შეწყვეტა აშშ-სა და რუსეთს ახალი გარიგებებისკენ უბიძგებს (მაგალითად, გაზის სექტორში), რაც პუტინის საომარ მანქანას დამატებით ფინანსებს მისცემს. მან აშშ-ის მიერ დაზვერვის შეზღუდვასა და Starlink-ის მუშაობის შეფერხებას უკრაინისთვის „სახიფათო“ უწოდა.

„ჩვენ გამოსავალს ვიპოვით... მაგრამ აჯობებს, მას [პუტინს] ახალი სიცოცხლე ან თავდასხმის ახალი მოტივაცია არ მივცეთ“, – დაასკვნა ზელენსკიმ.

კონტექსტი

• 11 ოქტომბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი, სავარაუდოდ, ენერგეტიკულ სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლებელ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

• Axios-ის ინფორმაციით, ზელენსკიმ ტრამპის ამ განცხადების შესახებ წინასწარ არ იცოდა, თუმცა მზად იყო პირობები შეესრულებინა.

• ტრამპის განცხადების მიუხედავად, რუსეთმა მაშინვე დაარტყა ხარკოვის მე-5 თბოელექტროსადგურსა და კიევის ელექტროსადგურს.

• 13 ოქტომბერს ზელენსკიმ დაადასტურა, რომ უკრაინა ორი დღის განმავლობაში არ ესხმოდა თავს რუსულ ობიექტებს, მაშინ როცა კრემლმა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები გააძლიერა.

წყარო: „უკრაინსკა პრავდა“

მოამზადა რაულ კაპანაძემ