უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მისივე თქმით, ამერიკელი და უკრაინელი მომლაპარაკებლები ერთმანეთთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან და უკრაინული გუნდი ამერიკელ კოლეგებს აწვდის ინფორმაციას რუსეთის თავდასხმების შესახებ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ კიევი მუდმივად მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის.

„საუბარი მქონდა ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან – სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან. მშვიდობა მხოლოდ სიძლიერითა და ნდობაზე დამყარებული თანამშრომლობით მიიღწევა. ჩვენი მხრიდან ყველაფერს ვაკეთებთ ამის მისაღწევად, ასევე იმაში დასარწმუნებლად, რომ ამერიკის პოზიცია მტკიცეა და ხელს უწყობს მშვიდობის მოახლოებას. მშვიდობისა, რომელსაც, რუსეთის გარდა, ყველა ელოდება ბოლო ოთხ-ნახევარი წლის განმავლობაში. კერძოდ, განვიხილეთ ფლორიდაში ჩვენი გუნდების შეხვედრის შედეგები. ჩვენი გუნდები პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში ინარჩუნებენ კომუნიკაციას. ასევე, ვამზადებთ მომდევნო ნაბიჯებს დიპლომატიური მიმართულებით. პარტნიორებს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას რეალური ვითარების შესახებ — რუსული დარტყმების თაობაზე, რომლებიც ერთი წუთითაც არ წყდება, ასევე, საჰაერო თავდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აქ ბევრი რამ სწორედ ამერიკის პოზიციაზეა დამოკიდებული. უკრაინა კვლავაც მზადაა კონსტრუქციული და გულწრფელი მუშაობისთვის, რეალური შედეგის მისაღწევად. მადლობას ვუხდი ამერიკაში ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას და ამ კონკრეტულ მიდგომას“, – წერს ზელენსკი.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შემოდგომის დასაწყისიდან უკრაინელმა მეომრებმა იმაზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლეს, ვიდრე რუსებმა მოახერხეს დაკავება. მისივე თქმით, ფრონტის ხაზზე უკრაინა რუსებზე ზეწოლას განაგრძობს.

„დობროპილია, კონსტანტინოვკა, ალექსეევო-დრუჟკოვკა, ორიხოვი, ნოვოპავლიოვკა, ნოვოანდრიევკა და ველიკომიხაილოვკა უკრაინის კონტროლის ქვეშაა. ჩვენ ასევე ვიცავთ კრამატორსკის მიმდებარე ტერიტორიებს და ვანადგურებთ რუსულ ძალებს ზაპოროჟიედან 20 კილომეტრის დაშორებით — და არა ხუთ კილომეტრში, როგორც რუსეთში ვიღაცები პუტინს ატყუებენ. ჩვენი ფრონტი მტკიცეა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეომარს და ჩვენს ყველა ქვედანაყოფს, რომლებიც თავიანთ დავალებებს სრულად ასრულებენ“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.