უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპასა და რუსეთს შორის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის განხილვას ნაადრევად მიიჩნევს ომის დასრულებამდე და კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭებამდე.
"ევროპულ-რუსული უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვის იდეა მარტივი არ არის და შესაძლოა, სახიფათო იყოს", - განაცხადა მან ტელეარხ CNN-თან ინტერვიუში, რომლის ამონარიდებიც ზელენსკის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
"მე ძალიან მკაფიო ვიყავი ყველა პარტნიორთან: ჯერ უნდა განვიხილოთ, როგორ დავასრულოთ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. მეორე - როგორი იქნება უსაფრთხოების არქიტექტურა უკრაინისთვის. უსაფრთხოების რა გარანტიებს მიიღებს უკრაინა. და მხოლოდ ამის შემდეგ, ამ პასუხებიდან გამომდინარე, შეძლებენ მხარეები ევროპას ან ევროკავშირსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების არქიტექტურის განხილვას", - განაცხადა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მისწრაფება, დაიწყოს დისკუსია სწორედ ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ფორმირებით, რისკებს შეიცავს მთელი ევროპის კონტინენტისთვის. "ჩვენ არ შევდივართ ევროკავშირში და არ ვართ NATO-ს წევრები. მე არ ვცდილობ მათ სახელით ვისაუბრო. მაგრამ ყველანი ევროპაში ვცხოვრობთ. ჩვენ არ გვინდა "იალტა 2.0". არ გვინდა, რომ რუსეთმა გაგვყოს", - თქვა მან.




